ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში 7-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია, თითქმის, ერთი წელია, რაც დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.
ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე, ასკანის გზის პროექტი,როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე, წყალმრიდების მოწყობას, ეზოებში გადასასვლელებისა და ხიდების აღდგენას მოიცავდა, პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 4 200 000 ლარს შეადგენდა.
ასკანის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შესრულებული სამუშაოების უხარისხობაზე საუბრობს. მათი თქმით, სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისი“, რომელმაც შეასრულა გზის სარეაბილიტაციო სამუშაო, არაკეთილსინდისიერად მოიქცა და გზა კი უხარისხოდ დააგო.
მოსახლეობის თქმით, მათ ეზოებში, წვიმიან ამინდში წყალი ნიაღვარივით ჩადის, უფუჭდებათ ვაზი და მოსავალი, რაც იმის ბრალია, რომ არ არსებობს ჯებირები, კომპანიამ გზა ისე დააგო, რომ მათ ეზოებთან სანიაღვრე არხები და ჯებირები არ მოაწყო. უფრო მეტიც, რამდენიმე მოსახლეს, როგორც თავად ამბობენ, მავთულბადე გზის მშენებლობის დროს ჩამოეშალათ, რის გამოც რამდენჯერმე მიმართეს კიდეც კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც განუცხადეს, რომ მავთულბადეების მოწყობა, ასევე, სანიაღვრე არხებისა და ჯებირების მშენებლობა, პროექტით გათვალისწინებული არ იყო და ვერ გააკეთებდნენ.
როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა “გურია ნიუსს“ უთხრეს, მოსახლეობის ნაწილის ეზოებთან, ე.წ. წყალმრიდები მოაწყვეს, მავთულბადეც შეუცვალეს და ჯებირიც გააკეთეს. „რა უპირატესობით სარგებლობენ აღნიშნული ოჯახები, ვისთანაც კომპანიამ ეს სამუშაოები შეასრულა?“ _ კითხულობს მოსახლეობა.
აღნიშნული პრობლემის გამო, სოფელში მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, თითქმის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რისთვისაც ასკანაში შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ბახვის პოლიციის თანამშრომლები ორჯერ მივიდნენ.
“გურია ნიუსი“ ასკანის პრობლემებს გაეცნო. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, გზის პროექტი არ ითვალისწინებდა მოსახლეობისთვის წყალმრიდების მოწყობას, ეზოებში გადასასვლელებისა და ხიდების აღდგენას და ამაზე პასუხი მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა გაგვცეს.
გამგეობის მიერ მოწოდებული პასუხი კი ასეთია: “აღნიშულ საკითხზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი კონსულტაციებს მართავს პროექტის დამკვეთთან _ მუნიციპალური განვითარების ფონდთან. კომენტარს კონსულტაციების დასრულების შემდეგ გავაკეთებთ“.
ასკანის მცხოვრებლებმა ერთობლივი განცხადება დაწერეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, რომელიც ჯერ “გურია ნიუსს“ მიაწოდეს და აღნიშნული პრობლემის გაშუქება სთხოვეს:
“ასკანაში გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების დროს წარმოიქმნა შემდეგი პრობლემები: სანიაღვრე არხების სისტემები არის მოუწესრიგებელი, რაც მოსახლეობას ხელს უშლის. მოსახლეობის ნაწილის ეზოებთან გააკეთეს სანიაღვრე არხები, ნაწილთან _ არა. მოვითხოვთ, რომ მოსახლეობის დარჩენილი ნაწილის ეზოებთანაც გაკეთდეს არხები. გარდა ამისა, სანიაღვრე არხები არ ატარებს წყალს, დალექილ წყალში ჩნდება გროვდება სიბინძურე, ჩნდება ქვეწარმავლები.
მოვითხოვთ, აღნიშნულზე რეაგირებას! მოგვაქციეთ ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემას ასე არ დავტოვებთ და მივმართავთ სხვა ზომებს“, _ აღნიშნულია წერილში, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი აწერს ხელს.
თინიკო მელუა: “დიახ, ამ სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით გვაქვს პრეტენზიები, ჩვენც გვინდოდა ჩვენს სახლთან ჩაესხათ ბეტონის ჯებირი“.
ეშანა ნაცვალაძე: “კოლექტიური განცხადებაც გვაქვს დაწერილი. ჩვენი სოფლის წარმომადგენელმა და მისმა მოადგილემ მოგვატყუეს, არ წაიღოთ მაგი განცხადება გამგეობაში, გაგიკეთებენ, რასაც ითხოვთო. მერე გვითხრეს ფული უნდა მაგ განცხადების შეტანასო.
ხომ გამოიარეთ ბახვის გზა, იქ როგორაა გაკეთებული ხომ ნახეთ? ბახვს გაუკეთეს ასკანის ფულით და ასკანაში მცხოვრებლებს არ ეკუთვნოდათ? გაიხედეთ და ნახეთ, რა მდგომარეობაა. ვინ არ შევაწუხეთ ამასთან დაკავშირებით, ღობე შემომინგრიეს და დამიტოვეს ისე. თქვენი გაზეთის საშუალებით, გვინდა ხმა მივაწვდინოთ მუნიციპალიტეტის გამგებელს, გვაქციოს ყურადღება. ეტყობა, მის ყურამდე არ მიაქვთ ინფორმაცია, მოვიდეს და აგვიხსნას, რა ხდება. გვაინტერესებს, იყო თუ არა პროექტში გათვალისწინებული მოსახლეობისთვის სანიაღვრე არხების მოწყობა. თუ იყო, რატომ არ გვიკეთებენ, თუ არ იყო, მაშინ სხვას რატომ გაუკეთეს?
წნევის წამალს ვერ ვყიდულობ, მაგის გაკეთება სად შემიძლია, მაგათმა ფული შეჭამონ და ჩვენ გაჭირვებულები ასე დაგვტოვონ?“
ნატალია გეგიაძე: “გაკეთება ჰქვია ამას? ეს, რაც არის ამოთხრილი, ყველა ჩვენს ეზოში ჩამოდის. იქეთ ჩაასხეს, სხვის ეზოებში ჯებირები და ჩვენთან არა. ჩაშვავდება მიწა და წაგვიღებს“.
ლეილა მელუა, პედაგოგი: “ვუთხარი კიდეც, არ შეიძლება ასე ღობის დატოვება-მეთქი, მაგრამ დაგვიტოვეს მაინც, არავის ესმის ჩვენი, იქნებ დაგვეხმაროთ რამე“.
ნადია ვასაძე: “უამრავი პრობლემა გვაქვს. წყალი ჩადის ამ სანიაღვრე არხში, ივსება და გადმოდის ჩემს ვენახში. დამიზიანა მოსავალი. ვეუბნები, ვთხოვ, რაღაც ჯებირივით გაუკეთეთ-მეთქი. ყურად არავინ იღებს ჩვენს თხოვნას, არ აკეთებენ. ასკანის გზისთვის გადმორიცხული ფული ბახვში დახარჯეს, ბახვის მოსახლეობას გაუკეთეს, ჩვენ _ არა“.
მარინა ჯაველიძე: “კარგია გზა რომ გაკეთდა, მაგრამ გამიფუჭეს ღობე, ჩამომინგრიეს, განადგურებულია ისე, რომ თხები და საქონლები ჩამოდის, ვტირი დღე და ღამე. დამცინიან, მიყვირიან პროექტში არ გვაქვს გათვალისწინებულიო. რა ვქნა მე, მარტოხელა ქალმა. პოლიციაც ამოვიყვანე, ცხელ ხაზზეც დავრეკე, სხვებს გაუკეთეს, ვისაც პატრონი ჰყავდა და „დიდი კაცია“, ჩვენ დაბალ ღობედ გვთვლიან.
ელვაზ გეგენავა, საგზაო მწარმოებელი: “ჩვენ რაც გვიდევს პროექტში იმაზე მეტი გვაქვს გაკეთებული. ბევრ ადგილზე გამოიცვალა მავთულბადე და ამის გამო, სხვა ჩივის, ის პროექტში იყო. მიზეზებს ეძებენ, ჩვენ არ გაგვიფუჭებია ეს ღობეები“.
ომეხ ყურაშვილი, „არქეოპოლისის“ მთავარი ინჟინერი: “არაფერი ხდება, არანაირი პრობლემა არ არსებობს, პროექტში, რაც იყო გათვალისწინებული, ის გავაკეთეთ. არ ითვალისწინებს პროექტი მოსახლეობისთვის სანიაღვრე არხების მოწყობას, დაინახეს რამდენიმე ოჯახს გაუკეთდა და გამოცვივდნენ, ჩვენ რატომ არ გვიკეთებთ, გზას გადავკეტავთო და გვაწყვეტინებდნენ მუშაობას“.
_ ბატონო ომეხ, თქვენ ამბობთ, რომ მოსახლეობის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია?
_ ჩემ მიმართ არ არის მოსახლეობა სამართლიანი. მუნიციპალიტეტის გამგეობას მიაკითხონ და მათ მოთხოვონ პასუხი, ჩემთან არანაირი საქმე არ აქვთ. მე ვაშენებ, ვაკეთებ გზას, რაც მაქვს პროექტში ჩასმული იმას ვაკეთებ“.
_ მოსახლეობის ნაწილს რის საფუძველზე მოუწყვეთ სანიაღვრე არხები, გამოუცვალეთ მავთულბადე და დაუსხით ბეტონი?
_ იმიტომ გაკეთდა, რომ პროექტში იყო ჩასმული. იქ რატომ იყო ჩასმული, არ ვიცი. სამუშაო 5 დღეში დასრულდება. პოლიციაში ვიღაც ქალმა იჩივლა, ვნახე ის ადგილი და მე მართალი ვარ, მე არ დამიზიანებია და არც გავაკეთებ.
„გურია ნიუსმა“ კითხვებით _ როდის დაიწყო ასკანის გზის რეაბილიტაცია, რამდენ ლარს ითვალისწინებდა გზის პროექტის მშენებლობა, იყო თუ არა ხელშეკრულებით განსაზღვრული მოსახლეობისთვის სანიაღვრე არხების მოწყობა და რა პრივილეგიებით სარგებლობს მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებსაც ჯებირები, წყალმრიდები მოუწყვეს და გამოუცვალეს მავთულბადე? _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა, საიდანაც ოფიციალური პასუხი მიიღო.
“ასკანის გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე პროექტის დამკვეთმა _ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა 2016 წლის 19 აპრილს, რომელიც დასრულდა 2016 წლის 20 მაისს. ხელშეკრულება გაფორმდა 20 აგვისტოს ტენდერში გამარჯვებულ სააქციო საზოგადოება „არქეოპოლისთან”. პროექტის სატენდერო ღირებულება შეადგენს 3 608 000 ლარს. გზის რეაბილიტაციის გარდა, პროექტი ითვალისწინებს წყალამრიდების მოწყობას და სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაციას. გზის მშენებლობა 2017 წლის ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტი პრივილეგიებს არ ითვალისწინებს“, _ აღნიშნულია პასუხში.
შესაბამისად, ვერ გავარკვიეთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.
“გურია ნიუსი“ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს.