გურიაში ღამის საათებში თოვდა.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარი მეტ-ნაკლები სიხშირითაა სხვადასხვა სოფელში და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სილაურის, ვაკიჯვრის, მთისპირის ზონაში მცირეთოვილიანობაა, თოვლის საფარი კი შედარებით მაღალია დაბალ ზონაში მდებარე სოფლებში.
ჩვენ ვცადეთ ამის გამომწვევი მიზეზი გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაგვერკვია და გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს დოდო გვაზავას ვესაუბრეთ.
როგორც გვაზავა განმარტავს, გუშინ საქართველოში სამხრეთიდან შედარებით თბილი და ნოტიო ჰაერის მასები შემოვიდა, რომელზეც მოქმედებდა შავი ზღვის დასავლეთიდან შედარებით უფრო ცივი ჰაერის მასები.
„ეს იყო განპირობებული იმ სინოპტიკური სიტუაციით, რაც ამინდს ქმნიდა გუშინ მთელ საქართველოში. თბილისში დილით თოვდა და ამ დროს რუსთავში წვიმდა. კახეთში წვიმდა და დღის ბოლოს ძლივს წამოვიდა თოვლი. ამ დროს ყველანაირი პირობა იყო იმისი, რომ მთელ საქართველოში ყოფილიყო თოვლჭყაპი. მომხდარი განპირობებული იყო სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი და ნოტიო ჰაერის მასებით, რომელზედაც მოქმედებდა შავი ზღვის დასავლეთიდან გავრცელებული შედარებით უფრო ცივი ჰაერის მასები. ზოგან იყო სითბო, ზოგან სიცივე, ჰაერის მასები ვერ ასწრებდა გადაციებას. ზოგან უფრო წყლიანი თოვლი მოვიდა. ამიტომ ზოგიერთ რაიონში თოვლი უფრო დააჯდა, ზოგან კი არა. მე რასაც ვუყურებდი გუშინ ძალიან გაოცებული ვიყავი. ვხედავდი, რომ სითბო მაინც ჯობნიდა ცივი ჰაერის მასებს. მთაგორიანში სითბო შედარებით ზევით ავიდა და დაბლობში ტემპერატურა ჩამოვიდა“,_ გვითხრა გვაზავამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის თქმით, ცივი ჰაერის მასები გურიაში და იმერეთში დღესაც გავრცელდება.
21 თებერვლიდან შედარებით გამოიდარებს, ყინვები კი 23 თებერვლიდან შეწყდება.
„ცივი ჰაერის მასები გუშინ შემოვიდა, დღესაც ვრცელდება და იჭრება გურიის და იმერეთის ტერიტორიაზე. გაგრძელდება შაბათის ჩათვლით და დრო გამოშვებით შესაძლებელია იყოს თოვა. 21 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს და ნალექი შეწყდება. 23 თებერვლიდან ყინვები შეწყდება და დღის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს, სრულად უნალექო ამინდი კი მოსალოდნელი არ არის“,_ გვეუბნება გვაზავა.