14 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა სოფელ ჟონეთში გამავალი, ქალაქ ქუთაისისა და ლეჩხუმის მხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს. საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით, აქციის მონაწილეებზე მიწოლის გზით დაშალეს. მომხდარს ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება.
ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ სოფელ ჟონეთში 14 ნოემბერს ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლა წარმოადგენდა შეკრების უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას.
„14 ნოემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, მდინარე რიონის ხეობის სოფლების ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ. ნამახვანი ჰესების კასკადი, რომელიც ყველაზე მსხვილ ენერგეტიკულ პროექტს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე, ითვალისწინებს მდინარე რიონის ხეობაში 433 მგვტ სიმძლავრის ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის მშენებელობას, რომლის უარყოფითი ზეგავლენის არეალში, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, მოექცევა ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არაერთი სოფელი . ნამახვანი ჰესის პროექტის გავლენის ზონაში ფიზიკურ და ეკონომიკურ განსახლებას შესაძლოა, დაექვემდებაროს 104 ოჯახი 269 მცხოვრებით, მხოლოდ ეკონომიკურ განსახლებას კი – 47 ოჯახი .
ნამახვანი ჰესის კასკადის მშენებლობის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა და აქტივისტები 21 დღის განმავლობაში მიმართავდნენ მშვიდობიანი პროტესტის სხვადასხვა ფორმას – , მათ შორის, მშენებლობის ადგილზე კარვებით ღამისთევას. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ მშენებელი კომპანიის ტერიტორიიდან გასვლასა და სამშენებლო ტექნიკის გაყვანას. პროტესტის მონაწილეთა მოქმედებები არ გასცდენია მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.
14 ნოემბერს, შუადღით, აქციის მონაწილეებმა სოფელ ჟონეთში გამავალი, ქუთაისისა და ლეჩხუმის მხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს. საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით, აქციის მონაწილეებზე მიწოლის გზით დაშალეს. იმის გათვალისწინებით, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი ერთმანეთზე ჯაჭვებით იყო გადაბმული, აქციის დაშლისას ბევრი მათგანი წაიქცა და პოლიციელთა მიერ აქციის ადგილიდან გაყვანისას, სავარაუდოდ, დაზიანებები მიიღო .
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით, არ არსებობდა სოფელ ჟონეთში 14 ნოემბერს გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლის საფუძველი. მშვიდობიანი შეკრების დაშლა უნდა მოხდეს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის საფუძველზე. საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი ინტერესი გადაწონის კონკრეტულ შემთხვევაში, ამ შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს და არა ბლანკეტური მიდგომით. ბლანკეტურია მიდგომა, როდესაც სახელმწიფოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ნებისმიერი აქცია დაშალოს ნებისმიერ ადგილზე, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების, საჯარო და კერძო ინტერესების დაპირისპირებისა და შესაბამისი განსჯის გარეშე, თუ რომელი ინტერესია უპირატესი კონკრეტულ შემთხვევაში. სახელმწიფოს მიერ 14 ნოემბერს სოფელ ჟონეთში მშვიდობიანი აქციის დაშლა მშვიდობიანი შეკრების ბლანკეტური შეზღუდვის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენდა. შეკრების უფლების ასეთი ფორმით შეზღუდვა არაპროპორციულია, რაც იმთავითვე არალეგიტიმურს ხდის საპოლიციო ძალის გამოყენებას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით, შეკრების დროს გზის გადაკეტვის გამო აქციის დაშლის პროპორციულობის შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს, ჰქონდათ თუ არა აქციის მონაწილეებს საჯარო სივრცეში საკუთარი პროტესტის გამოხატვის სხვა შესაძლებლობები. მოცემულ შემთხვევაში, აქცია გაიმართა წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, მეზობელი სოფლების ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად. ადამიანთა ამ ჯგუფისთვის მწირია საჯარო სივრცეები, სადაც შეძლებდნენ მწვავე სოციალური მნიშვნელობის საკითხზე საკუთარი პროტესტის გამოხატვას ისე, რომ ეს პროტესტი რეალურად მიწვდეს საზოგადოებას და აღქმადი იყოს მის მიერ. სოფელ ჟონეთსა და მეზობელ სოფლებში, სოფელში გამავალი გზის გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობს საჯარო სივრცე, სადაც პირთა საპროტესტო შეკრება ფართო საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს. შეკრების არსი საპროტესტო მესიჯის სწორედ ფართო საზოგადოებისადმი მიტანასა და მისი ყურადღების მიპყრობაში მდგომარეობს და არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე, საზოგადოების ვიწრო ჯგუფთან გამოხატვაში.
მნიშვნელოვანია, ასევე, აღინიშნოს, რომ აქციის მონაწილეებს გზა მხოლოდ რამდენიმე საათით ჰქონდათ გადაკეტილი და მათი მოქმედებები არ გასცდენია მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. სახელმწიფომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ყოველგვარი გაფრთხილებისა და მოლაპარაკების მცდელობის გარეშე დაშალა. აქციის დაშლის მიზანს წარმოადგენდა ქუთაისისა და ლეჩხუმის მხარის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა. ეს საავტომობილო გზა არ წარმოადგენს გადატვირთულ სატრანსპორტო კვანძს. მასმედიის საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან და სხვა ინფორმაციიდან არ იკვეთება საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის სასწრაფოდ აღდგენის ინტერესი.
იმ პირობებში, როდესაც სოფელ ჟონეთისა და მეზობელი სოფლების ადგილობრივ მოსახლეობას არ ჰქონდა ადგილობრივ დონეზე საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვის სხვა რეალური შესაძლებლობა, რამდენიმე საათით აღნიშნული გზის გადაკეტვა მათი მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცულ სფეროს მიეკუთვნებოდა.
შესაბამისად, ამ შემთხვევაში, აქციის ამ ფორმით გამართვის ინტერესი გადაწონის აქციის სასწრაფოდ დაშლის ინტერესს. ამგვარად, სახელმწიფოს მიერ სოფელ ჟონეთში 14 ნოემბერს ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლა წარმოადგენდა შეკრების უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას“,_ ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.