უკრაინული მასმედიის მტკიცებით, გუშინ ქალაქ კიევში ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩის სასამართლო პროცესი დაიწყო. იანუკოვიჩს ბრალად სამშობლოს ღალატი ედება.
გუშინდელ სხდომაზე ქვეყნის ყოფილ პირველ პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ამის შემდეგ მოსამართლემ სასამართლო 18 მაისამდე გადადო. რასაკვირველია რუსეთში დევნილობაში მყოფი ვიქტორ იანუკოვიჩი სხდომას არ დასწრებია. 18 მაისს დანიშნულ პროცესზე მას უფლება მიეცა თუ სურვილი ექნება სასამართლოს მუშაობაში ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიიღოს მონაწილეობა.
უკრაინული მასმედიის ცნობით, იანუკოვიჩს სამუდამო პატიმრობა ელის. საკითხავი ის გახლავთ, სასჯელს საერთოდ მოიხდის თუ არა, რადგან რუსეთი მის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს.
თუ ვიქტორ იანუკოვიჩს დაუსწრებლად ასამართლებენ, ქალბატონი მარინ ლე პენი 7 მაისს, საფრანგეთში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. გუშინ ლე პენი რადიოსადგური „RMC Radio”-ს ჟურნალისტებს შეხვდა.
იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, მეორე საპრეზიდენტო კანდიდატი ემანუელ მაკრონი ლე პენს ხმათა დიდი უპირატესობით სჯობნის, ქალბატონი მარინი საკუთარ გამარჯვებაში ბოლომდე დარწმუნებულია. წარმატების შემთხვევაში ლე პენი საფრანგეთის ევროკავშირიდან გამოყვანას, ქვეყნის ტერიტორიაზე ევროს აკრძალვასა და ფულად მიმოქცევაში ფრანკის დაბრუნებას, ასევე საფრანგეთის სახელმწიფო საზღვრებზე უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებასა და მკაცრი კონტროლის შემოღებას გეგმავს.
აშშ-ში კი ამ ქვეყნის ამჟამინდელმა პირველმა პირმა დონალდ ტრამპმა ადგილობრივი მასმედიის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრა. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპი მსოფლიოში გავლენიან საინფორმაციო ტელეარს „CNN“-ს გადაწვდა და მიწასთან გაასწორა. აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ ამ არხის ხელმძღვანელობამ ეთერში არ გაუშვა გადაცემა, რომელიც ტრამპის საპრეზიდენტო მოღვაწეობის პირველ 100 დღეს მიმოიხილავდა. განრისხებულმა მისტერ დონალდმა „CNN“ ჰილარი კლინტონის მხარდაჭერაში ღიად დაადანაშაულა.
„CNN“-თან კონფლიქტი არ ეყოფოდა და გამოცემამ „Washington Post” ტრამპს „კბილი წაჰკრა” და აბრაამ ლინკოლნის ბიოგრაფია გაახსენა.
აშშ-ის პირველი პირები ხშირად განსაკუთრებით უიღბლონი არიან. ამისი ნათელი დადასტურება აბრაამ ლინკოლნის ბიოგრაფია გახლავთ. 31 წლის ასაკში – მარცხი ბიზნესში, მომდევნო წელს – სასამართლო პროცესის წაგება, 35 წლისას – სატრფოს სიკვდილი, 38 წლის ასაკში – არჩევნებში დამარცხება, 43 წლის – კონგრესში ვერ მოხვედრა, 55 წლის – სენატის გარეთ დარჩენა, 56 წლის – აშშ – ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის ჩავარდნა, 60 წლისამ ბოლო და ბოლოს საწადელს მიაღწია და ქვეყნის პირველი პირის სავარძელს დაეუფლა, მაგრამ იდილიამ დიდი ხანი ვერ გასტანა და სიცოცხლესაც გამოასალმეს.
არ ვიცი ვაშინგტონელ ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა რა დაუშავა, ასე სასიკვდილოდ რომ “გაიმეტეს”.
ისიც საინტერესოა თავად ტრამპი ამ „გაფრთხილებას” როგორ მოეკიდება, მაგრამ მეეჭვება ამ ადამიანმა ლინკოლნის ბედი გაიზიაროს, – კაჟივით ჯანმრთელია, საკუთარი ცხოვრება იდეალურად აქვს აწყობილი და იმ სამყაროში გადასახლებასაც დიდი ხნის განმავლობაში არ აპირებს.
ორი დღის წინ რუსეთის ქალაქ სოჭში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. სამშობლოში დაბრუნებული მერკელი გამოცემა „Welt”-ს ესაუბრა და რუსეთის პირველი პირი სასტიკად გააკრიტიკა.
სოჭის შეხვედრაზე მხარეთა შორის მოლაპარაკების ძირითადი თემები უკრაინისა და სირიის საკითხები გახლდათ. აღმოჩნდა რომ მერკელი გერმანიაში პრაქტიკულად, უშედეგოდ დაბრუნდა.
კანცლერის განცხადებით, პუტინთან ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწია. რუსეთის ლიდერი კვლავინდებურად მხარს უკრაინის „მოჯანყე რესპუბლიკებს“ უჭერს და ოფიციალური კიევის მიმართ არანაირ მოლაპარაკებებსა თუ დათმობებზე არ მიდის.
რაც შეეხება სირიას. პუტინი ბაშირ ასადს გვერდით უდგას და ამ ოდიოზურ პოლიტიკურ ლიდერს მხარს ბოლომდე დაუჭერს.