“შსს-ში მითხრეს, სახელმწიფოსთან ბრძოლას ვერ მოიგებო”, – განაცხადა პრეზიდენტის შვილის მეგობარმა, თორნიკე კაჭარავამ სასამართლო სხდომაზე.
“საავადმყოფოდან გამოვედი. რამდენიმე ადამიანი მომეპარა. ძირს დამაგდეს. მითხრეს, იარაღს ინახავო. მანქანაში ჩამსვეს. რამდენიმე ქუჩის მოშორებით გააჩერეს. ერთ ფეხზე ფეხსაცმლის გახდა დამიწყეს, იძულებით. ორი მაკავებდა, ერთი კი, მირტყამდა. მათი ამოცნობა შემიძლია. დაკავების და ჩხრეკის ოქმები არ წარმოუდგენიათ. იარაღის ჩადება უნდოდათ, ნარკოტიკები გადაწყვიტეს. პოლიციელ დავით კიკნაძეს ჩემზე ზეწოლა არაერთხელ განუხორციელებია”, _ ყვება თორნიკე კაჭარავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილისა და პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობარი თორნიკე კაჭარავა სამართალდამცავებმა 15 მაისს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაჭარავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მანამდე, ანა მარგველაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მის მეგობარ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკის ჩადებით ემუქრებოდნენ.