დღეს ვაქცინა არის პასუხი COVID-19-ის პანდემიით შექმნილ გამოწვევებზე, რომლებმაც უარყოფითი ზემოქმედება მოახდინეს სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე მთელ მსოფლიოში.
ვაქცინაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს. ის, რომ ჩვენ ისეთი დაავადებების შესახებ, როგორიცაა ყვავილი, ისტორიის წიგნებიდან და არა ახალი ამბებიდან ვიგებთ, სწორედ ვაქცინების დამსახურებაა, რომლებმაც ეს დაავადებები სრულად აღმოფხვრეს.
თუმცა, პანდემიის დაწყებისთანავე გაჩნდა დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები ვაქცინების შესახებ. „ვაქცინაციის შიში” უკვე დიდი ხანია არსებობს საინფორმაციო სივრცეში, რომელსაც წარმატებით იყენებენ სხვადასხვა წარმომავლობის დეზინფორმაციის გამავრცელებლები.
2018 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამერიკულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, 2014 – 2017 წლებში Twitter-ზე ვაქცინების შესახებ გამოქვეყნებული შეტყობინებების 93 პროცენტზე მეტი ბოროტი განზრახვის მქონე ანგარიშებზე მოდის. აღნიშნული ანგარიშებიდან, რომელთაგან ზოგიერთი სანქტ-პეტერბურგში, რუსეთში მდებარე ავადცნობილ “ტროლების ფაბრიკას” უკავშირდებოდა, Twitter-ზე გავრცელდა როგორც ვაქცინაციის მხარდამჭერი, ასვე საწინააღმდეგო განცხადებები საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ეჭვის გაჩენის და ვაქცინაციის მიმართ ნდობის შერყევის მიზნით.
გლობალურმა პანდემიამ, რომელსაც თან ახლდა ის, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ “ინფოდემია” უწოდა, ხელი შეუწყო ვაქცინაციის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გავრცელებას. მართლაც, ვაქცინები და ზოგადად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, ყველა სახის დეზინფორმაციისათვის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს.
ეს არის კომპლექსური თემები, რომლებიც გვიბიძგებს ინფორმაციის მოძიებისკენ (განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ახალი კორონავირუსის შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი), და ამავე დროს, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ემოციები, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, შიში, შფოთი და მღელვარება. კვლევებმა აჩვენა, რომ „სიახლისა” და ემოციების ნაზავი ხელს უწყობს სიცრუის სიმართლეზე 6-ჯერ უფრო სწრაფად გავრცელებას.