ინფექციური საავადმყოფო აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის, ზურაბ გურულის განცხადებას, რომელიც კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების „პლაქვენილით“ მკურნალობას ეხება, 100%-იან ტყუილს უწოდებს.
“ვფიქრობთ, ბ-ნ ზურაბ გურულთან და მის „უბრალოდ პატიოსან კოლეგებთან“ და „პატიოსან ადამიანებთან“ დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია და ყველა ყველაფერს ხვდება – მათ უბრალოდ „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“. მაგრამ მაინც გვინდა ერთ ფაქტზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც ბ-ნი ზურაბის პირველ პოსტში არ იყო და მხოლოდ საპასუხო წერილში გაჩნდა.
ბ-ნი ზურაბიამბობს, რომ მან „რამდენიმე უაღრესად საგანგაშო წერილი მიიღო“?! კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებიც პლაქვენილით მკურნალობდნენ?! კიდევ ერთი 100%-იანი ტყუილი. COVID-19-ის მკურნალობის ქართული პროტოკოლი საერთოდ არ ითვალისწინებს კარანტინში მყოფი პირების მკურნალობას, რამდენადაც კარანტინში მხოლოდ ჯანმრთელი პირები არიან და არა ავადმყოფები, თუნდაც უსიმპტომო ავადმყოფები და ახლა თუ კარანტინში მყოფი რომელიმე ახალგაზრდა თავისი ინიციატივით საპროფილაქტიკოდ იღებდა პლაქვენილს (რაც ძალიან მეეჭვება) და თან ამის შესახებ ბ-ნ ზურაბს აცნობებდა, ეს მათი საქმეა და ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. ჩვენს პროტოკოლში შავით თეთრზე ცალსახად წერია, რომ „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ“.
რაც შეეხება ბ-ნი ზურაბის მიერ ნახსენებ „ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, ახალგაზრდა პაციენტს“, რომელმაც „საჯაროდ ინტერვიუში განაცხადა“, რომ პლაქვენილს იღებდა სამკურნალოდ (მის სახელს და გვარს ბ-ნი ზურაბის ერთ-ერთი თანამოაზრე ასაჯაროვებს), მას სინამდვილეში ჰქონდა COVID-19-ის არა უსიმპტომო ფორმა, არამედ კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებული ორმხრივი პნევმონია და მან კლინიკაში და არა კარანტინში 26 დღე გაატარა,”_ ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
“ბატონო თენგიზ, თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა _ ზურაბ გურული თენგიზ ცერცვაძეს”