იონიის უნივერსიტეტის არქეოლოგმა თანასის პაპადოპულოსმა განაცხადა, რომ კუნძულ ითაკაზე ლეგენდარული ოდისევსის სასახლე აღმოაჩინა. ბერძენი მეცნიერი ამ დასკვნამდე მრავალწლიანი გათხრების შემდეგ მივიდა. გათხრებისას პაპადოპულოსის ჯგუფი ხელმძღვანელობდა სასახლის აღწერით, რომელიც ჰომეროსის “ოდისეაშია” მოცემული.
პაპადოპულოსმა ითაკაზე სამსართულიანი სასახლის ნაშთები აღმოაჩინა, რომელიც არქიტექტურული მახასიათებლებით ჰომეროსის ეპოქას (ძვ.წ. XIII III-XII სს.) მიეკუთვნება.
სასახლის ტერიტორიაზე ნაპოვნია ჭა, რომელიც ძვ.წ. XIII საუკუნით თარიღდება და მიკენის კერამიკა. გათხრების საერთო ფართობი 2,5 ჰექტარს შეადგენს.
ოდისევსის სასახლის ძიება კლასიკური არქეოლოგიის ერთ-ერთ სერიოზულ ამოცანად ითვლება. ტროაზე ლაშქრობის მონაწილე აქაველ მეფეთაგან ბევრის სასახლე უკვე ნაპოვნია. მათ შორის აქაველთა მხედრობის წინამძღოლ აგამემნონის – მიკენში და აიანტისა – კუნძულ სალამინზე, ათენთან ახლოს. რაც შეეხება ოდისევსს, მეცნიერთაგან ბევრს ეეჭვება, რომ ის მართლაც ითაკაზე მეფობდა.
ჰომეროსის თანახმად, ოდისევსმა, ვისი ცბიერების წყალობითაც აქაველებმა ტროა აიღეს, შინ, კუნძულ ითაკაზე დაბრუნება, სადაც მას ერთგული ცოლი პენელოპე და ვაჟი, ტელემაქე ელოდნენ, 20 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა.
მეფის არყოფნაში სასახლეში მძვინვარებდნენ პენელოპეს საქმროები, დარწმუნებულები იმაში, რომ დედოფალი დაქვრივდა და ვალდებული იყო ახალი ქმარი მათ შორის აერჩია. შინ დაბრუნებულმა ოდისევსმა ყველანი ერთიანად ამოხოცა თავისსავე სასახლეში.