ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უმრავლესობის გუნდი ძალიან მალე აღადგენს წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში
ასევე მან აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი გახდეს
„ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღე არის. ამის მიუხედავად ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არის უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს. ამისთვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწრაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.