„პროკურატურა გეგმავს სააპელაციო დონეზე ამ განაჩენის გასაჩივრებას. მინდა, დიდი იმედი გამოვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„მინდა, გამოვეხმაურო დღევანდელ განაჩენს, რომელიც დადგა ძალიან აქტუალურ საქმეზე, ძალიან მგრძნობიარე საქმეზე. საქმე ეხება არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას. მოვისმინეთ ჩვენ განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით, მოვისმინეთ, ასევე, პროკურატურის პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ არ გაიზიარა სასამართლომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, პროკურატურა გეგმავს სააპელაციო დონეზე ამ განაჩენის გასაჩივრებას.
მინდა, დიდი იმედი გამოვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების სისტემაში დადგება სამართლიანი განაჩენი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც უკვე ვთქვი, ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას“,– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როდესაც ორი ბავშვია მოკლული და ერთ შემთხვევაში დგება დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მეორე შემთხვევაში, მცდელობაზე, აშკარაა აქ, რომ საქმე არის ბოლომდე მისაყვანი. ეს აშკარად ჩანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, აპრიორი არცერთ მხარეს არ ვუცხადებთ ნდობას, ჩვენ ვამბობთ, რომ საბოლოოდ, ეს საკითხი უნდა გაირკვეს და უნდა დადგეს საბოლოოდ სამართლიანი განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პოზიცია და შესაბამისად, არასწორია, ერთ მხარეს, აპრიორი, ნდობის გამოცხადება და მეორე მხარეს უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რაშია რეალურად საქმე“,– აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.