„მმართველი პარტიის ერთ ჯგუფს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმოადგენს, სურს, იმ შემადგენლობით განამწესონ მოსამართლეები თანამდებობებზე, რა შემადგენლობითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარმოადგინა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“, ე.წ. ახალი გვარდიის წევრებს სასურველი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, მართლმსაჯულების ხელში ჩაგდება სურთ.
„ნებისმიერი გარდამავალი დემოკრატიის სტატიაში მყოფი სახელმწიფოების საერთო სენია, როცა ქვეყანაში მოქმედ მმართველ პარტიას, კონტროლის დამყარება მართლმსაჯულების სისტემაზე სურს, რათა სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.
ალბათობა იმისა, რომ ეს სია უცვლელი სახით გავიდეს, ბუნებრივია, არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ძალიან სერიოზული ზიანი მიადგება. თუ „ქართული ოცნება“ საზოგადოების აზრს არ გაითვალისწინებს, მმართველ პარტიაზე ნეგატიურად აისახება. წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია, გაზაფხულზე საპროტესტო აქციების განახლებაა მოსალოდნელი და რაში აწყობს „ქართულ ოცნებას“ საკუთარი პარტიის წინააღმდეგ საზოგადოების ამხედრება ?!“, _ აღნიშნა ანჯაფარიძემ.