შეიძლება შეთქმულების თეორიად ჟღერს, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილი ამ თავისი ხელმოწერით, თავისი ბრალდებებით და პირდაპირ ვთქვათ სიმულაციებით, რაც მოყვა მან წართმევის პერიოდთან დაკავშირებით, უბრალოდ, ხელისუფლების „ტროლია“, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დვალის თქმით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლება ქიბარ ხალვაშსაც არ ენდობა და მის წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტის შექმნას ცდილობს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხელმოწერა, რაზეც ოქრუაშვილი საუბრობს, არის ფალსიფიცირებული. ვერ დავიჯერებ, რომ ქიბარ ხალვაშს ასეთ დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი სამი წლის წინ და მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას „რუსთავი 2“-ისთვის, რადგან ეს აუცილებლად წინ დახვდებოდა. შეიძლება შეთქმულების თეორიად ჟღერს, მაგრამ მე მგონია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ თავისი ხელმოწერით, ამ თავისი ბრალდებებით და პირდაპირ ვთქვათ, სიმულაციებით რაც მოყვა მან წართმევის პერიოდთან დაკავშირებით, უბრალოდ ხელისუფლების „ტროლია“. მგონია, რომ მისი ეს ხელმოწერა არის „დამოკლეს მახვილი“, რომელიც ჰკიდია ქიბარ ხალვაშის თავზე. განცდა მაქვს, რომ ქიბარ ხალვაშსაც არ ენდობიან ბოლომდე და შესაბმისად, რაღაცა მექანიზმს იტოვებენ იმისთვის, რომ თუ მთლად ისე არ განვითარდა სცენარი, მის წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტი აამოქმედონ“, _ აცხადებს დვალი.