„ისე შენი დედას შევეცი, რამდენი შენ სიმართლეს ლაპარაკობ!“ _ ეს კომენტარი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ცაბუტაშვილმა მოქალაქე გია ფაცურიას კომენტარის საპასუხოდ, სოციალურ ქსელში გააკეთა.
ფაცურია მოსამართლეს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდა და მის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებსაც არ იშურებდა.
_ არ უარვყოფ, რომ მეც შევაგინე, მაგრამ ისე მძიმედ არა, როგორც მან. მოსამართლე ცაბუტაშვილმა და საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ თავაძემ დაარღვიეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 22-ე მუხლი, არ იხილავენ ჩემს საკონსტიტუციო სარჩელს _ დარღვეულია ყველა ვადა და ეს გახდა ჩემი გაღიზიანების მიზეზი.
სხვათა შორის, ეს ის ცაბუტაშვილია, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კახეთის საოლქო პროკურორად მუშაობისას, ცოცხალი კაცის „მკვლელობისთვის“ დააჭერინა ბახუტოვი და ეს საქმე შეგიძლიათ იმდროინდელი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ანგარიშში ნახოთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფაცურიამ, რომელიც მოსამართლის მხრიდან შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის უყურადღებოდ დატოვებას არ აპირებს და ამბობს, რომ სამართლებრივად იბრძოლებს.
მოსამართლე ცაბუტაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი გინება ფაცურიას გინების საპასუხო იყო:
_ მისი გინება და შეურაცხყოფა არ ნახეთ?! _ კითხვაზე კითხვით გვიპასუხა მოსამართლემ.
_ ბატონო თამაზ, ვნახეთ, მაგრამ თქვენც გინებით უნდა უპასუხოთ? თქვენ ხომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ბრძანდებით?
_ კი, რა თქმა უნდა.
_ ფიქრობთ, რომ სწორია, როცა ადამიანს, რომელსაც კონკრეტული პრეტენზიები აქვს, ამბობს, რომ სარჩელის განხილვას აგვიანდება, სოციალურ ქსელში აგინებთ?
_ თვითონ უნდა მაგინოს?
_ თავადაც არ უნდა გაგინოთ, მაგრამ თქვენ მოსამართლე ხართ და ამ საკითხს სამართლებრივად არ უნდა მიუდგეთ?
_ მანდ სამართლებრივი მხარე არაფერ შუაშია. აქ წმინდა ადამიანური მხარეა. მომაყენა შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა ადამიანს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ, პირველ რიგში, არის ღირსება და მერე დანარჩენი ყველაფერი.
_ დედის გინებით ღირსება დაიცავით?
_ როგორც მომაყენა შეურაცხყოფა, მეც იგივე პასუხი გავეცი, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას მოსამართლემ.
თამაზ ცაბუტაშვილი დაიბადა 1964 წლის 7 აგვისტოს სიღნაღის რაიონში.
საკონსტიტუციო სასამრთლოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცაბუტაშილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1982-1990); მუშაობდა გარდაბნის რაიონში საქსოფდამზადების მუშად (1981-1983); 1985-1987 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1992 წლის აპრილიდან ამავე წლის აგვისტომდე იყო თბილისის ტრანსპორტის პროკურატურის სტაჟიორი.
მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურის ტრანსპორტზე კანონების შესრულებაზე ზედამხედველობის განყოფილების სტაჟიორი პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე (1992–1993).
1993 წლის მარტში დაინიშნა ქ. თბილისის პროკურატურის ტრანსპორტზე კანონების შესრულებაზეზედამხედველობის განყოფილების პროკურორად, ხოლო ამავე წლის ივლისში ქ. თბილისის სარაიონოთაშორისო პროკურატურის უფროს გამომძიებლად.
მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გმს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლად (12.1993-06.1994), ხოლო შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის გმს გამომძიებლად (06.1994-03.1995).
1995 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის კრიმინალისტიკური განყოფილების პროკურორ-კრიმინალისტად (1995-1996).
მუშაობდა ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების პროკურორად(1996-2003).
2003-2004 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს, შსს ორგანოებში კორუფციის, ნარკოდანაშაულის და ადმინისტრაციულ პოლიციაში მოკვლევის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი.
2004-2011 წლებში იყო კახეთის საოლქო პროკურორი.
2003 წელს წარმატებით გაიარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2006 წელს მიენიჭა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ღირსების მედალი.
მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ (06.2011-07.2011).
2011 წლის 4 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ივლისის N351 ბრძანებულების საფუძველზე, დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.
მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა ფიცის დადების დღიდან, 2011 წლის 26 ივლისს.