ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, ISFED- ის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
თარხნიშვილის თქმით, სამართლიანი არჩევნების დღევანდელი განცხადება არ შეიტანს რაიმე ცვლილებას ოპოზიციის გეგმებში, რადგან ოპოზიცია ამაზე 1 ნოემბრიდან საუბრობდა.
თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არჩევნები არ ჩატარდა ნორმალურად, იყო აბსოლიტური დეზორგანიზაცია და გაყალბება.
„რათქმაუნდა, დღევანდელი განცხადება ოპოზიციის გეგმებში ცვლილებას არ შეიტანს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით არჩევნების დღიდან. პირველ ნოემბერს ევროპულმა საქართველომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შემოგთავაზეს სტატისტიკა, რომელიც აჩვენებდა, თუ რამდენ უბანზეა დისბალანსი, კონვერტების ნაკლებობა, რამდენ უბანზე არ ემთხვევა ერთმანეთს ბიულეტენებისა და ხმების რაოდენობა, რამდენ უბანზე არის შესაძლებლობა, რომ დაკარგულია ბიულეტენი, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება დატრიალდა კარუსელი და ა.შ.
ეს ციფრები ჩვენ წარმოვადგინეთ პირველივე ნოემბერს და ISFED-ის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით თავიდანვე. ეს უჩვენებს მარტივ რამეს, რომ არჩევნები არ ჩატარდა ნორმალურად, იყო აბსოლიტური დეზორგანიზაცია, იყო გაყალბება და ეს ხდება მხოლოდ არჩევნების დღეს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნებამდე იყო გაყალბების მთლიანი პროცესი, როდესაც იყო დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ა.შ. ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ არჩევნების დღეზე და დათვლაზე და იმ მანიპულაციაზე, რომელიც მოხდა ამ პერიოდში.
შესაბამისად, ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი გზა არის მხოლოდ ერთი, ეს არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს თვისობრივად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოში. ვერავითარი გადათვლა-გადმოთვლა ამ პრობლემას ვერ აღმოფხვრის, რადგან გაყალბების მასშტაბი ჩანს ციფრებში და აქედან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.“ – განაცხადა თარხნიშვილმა.