მოდის სამყარო სპეციფიური სფეროა და მის ძირითად “გამწევ” ძალას მანდილოსნები წარმოადგენენ. დროთა განმავლობაში პოდიუმზე გამოსვლის უფლება “ძლიერთა სქესის” წარმომადგენლებმაც მოიპოვეს და სიმპათიური მამაკაცი მოდელები დღეს სხვადასხვა ჩვენებების აუცილებელ ატრიბუტად გადაიქცნენ. არც ის გვიკვირს, როდესაც მანეკენის ფუნქციას ცნობილი სპორტსმენები ასრულებენ, მათ შორის ფეხბურთელებიც.
უწინ “ტყავის ბურთის” ოსტატები სხვადასხვა კუტიურებთან თანამშრომლობას თაკილობდნენ და ეს საქმიანობა კაცური ღირსებების შემლახავად მიაჩნდათ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ტანსაცმლის შემქმნელებმა ფეხბურთელების თავიანთი მოღვაწეობით დაინტერესება მოახერხეს და დღეს აღარავის უკვირს პოდიუმზე ამაყად მოსიარულე დევიდ ბექჰემი თუ კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი თუ კრიშტიანუ რონალდუ. ეს ყველაფერი კი არც თუ შორეულ წარსულში ასე დაიწყო.
1992 წლის ზაფხულის ერთ პაპანაქებადღეს, სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის ფირმის ხელმძღვანელ ალექსის კენლენს ახალი იდეა გაუჩნდა. მან განიზრახა ცნობილი სპორტსმენები პოპულარული მოდელიორებისთვის დაეკავშირებინა და მოდების ჩვენებებშიც ჩაერთო. ალექსის კენლენი დაუკავშირდა იტალიელ კუტიურეს ნინო ჩერუტის და თავისი განზრახვაც გაანდო. ჩერუტი ახალი წამოწყებით აღფრთოვანებული დარჩა და პირველი “მსხვერპლის” ძიებასაც შეუდგა.
ჩერუტი იმხანად მილანში ცხოვრობდა და რა გასაკვირია, რომ თავდაპირველად თვალი ადგილობრივი “მილანისა” და “ინტერის” ფეხბურთელებს დაადგა. მოდების მაესტრომ თავდაპირველად გამოჩენილი ფრანგი მოთამაშე, “მილანის” იმდროინდელი თავდამსხმელი ჟან-პიერ პაპენი ამოირჩია. იმავე წლის შემოდგომაზე ჩერუტი და პაპენი ერთმანეთს შეხვდნენ და ფრანგი მოთამაშეც დათანხმდა ახალ საქმიანობაში მოესინჯა ძალები.
1994 წლის დამდეგს ფოტოგრაფ გრუნო ჟიუმინეს სახელოსნოში პაპენმა პირველი სინჯები გაიარა. შედეგი წარმატებული გამოდგა. ჟიუმინეს აზრით, ფეხბურთელი მეტად ფოტოგენური აღმოჩნდა და მასთან მუშაობამაც დიდი სიამოვნება მიანიჭა. აღფრთოვანებული დარჩა ნინო ჩერუტიც. “პაპენი ნამდვილი მსახიობია და ახალი პროფესიის თითოეული ნიუანსი ადვილად შეიგრძნო”, – განაცხადა ჩერუტიმ. ვალში არც ფეხბურთელი დარჩენილა. “თავი სიზმარში მგონია. ვიცოდი, რომ ჩერუტი ადრე ჩოგბურთელ ჯიმი კონორსთან თანამშრომლობდა, ამიტომ როდესაც მოდების პოდიუმზე ასვლა შემომთავაზეს, ჩემთვის ეს დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა”.
1995 წლის დამდეგს მილანში ჩერუტის მოდების ჩვენება მოეწყო და პაპენმაცმიიღო მონაწილეობა. რასაკვირველია, ფეხბურთელმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და მისი ფოტოსურათებიც მოდების წამყვან გამოცემებში დამკვიდრდა.
პაპენის მაგალითი გადამდები აღმოჩნდა და უკვე 1996 წელს მოდების სამყაროში კიდევ ორმა ფეხბურთელმა შეაღწია. თავდაპირველად თავი ფრანგმა მოთამაშემ ერიკ კანტონამ გამოიჩინა. ეს უკანასკნელი ასევე მისმა თანამემამულე კუტიურემ პაკო რაბანმა მიიწვია და ყოველგვარკომპლექსებს მოკლებული ერიკიც ხალისით დათანხმდა. 1996 წლის თებერვალში კანტონამ მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ მოდების ჩვენებაში.
შემდეგი მემოდელე უელსის ნაკრებისა და ინგლისური “ლიდსის” ნახევარმცველი ჰარი სპიდი აღმოჩნდა. თუ პაპენი და კანტონა იტალიელ და ფრანგ კუტიურეებს დაუკავშირდნენ, სპიდი ცოტა შორს წავიდა და იაპონელ დიზაინერ იამამოტოსთან დაიჭირა საქმე. ეს უკანასკნელი, სხვა კოლეგების მსგავსად პარიზში მოღვაწეობდა და სპიდსაც პოდიუმზე ასვლა ამ ქალაქში მოუწია. საგულისხმოა ერთი გარემოებაც: თუ პაპენი და კანტონა ძვირად ღირებული ტანსაცმლის დემონსტრირებას ახდენდნენ, ჰარი სპიდი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგ სამოსს უწევდა რეკლამირებას.
იმავე 1996 წელს თქვენთვის უკვე კარგად ცნობილმა პაკო რაბანმა კიდევ ერთხელ “გამოიჩინა” თავი. მან საფრანგეთის ოლიმპიურ კომიტეტს რამდენიმე დღით ოლიმპიური ოქროს ჯილდოები სთხოვა და ისინი სამკაულების სახით გამოიყენა ერთ-ერთი საკუთარი კოლექციის ჩვენებისას.