12 მაისს, ღაზის სექტორის მიმართულებით ასობით სარაკეტო გასროლა განახორციელა, პალესტინელმა სამხედროებმა კი თელავივისა და ქალაქ ბეერ-შევას მიმართულებით გადამღობი თავდასხმები აწარმოეს – 10 მაისის ღამით განახლებულ სამხედრო კონფლიქტს ამ დრომდე, მინიმუმ 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაღუპულთაგან 49 პალესტინელია.
პალესტინური მედია წერს, რომ ეგვიპტე, ყატარი და გაერო ცეცხლის შეწყვეტის მიზნით მედიაციის მცდელობებს კვლავ განაგრძობენ, თუმცა ამ დრომდე პროგრესი არ მიღწეულა.
ისრაელის მედია კი წერს, რომ მათმა სამხედრო ძალებმა ისლამისტური დაჯგუფების ჰამასის 10-მდე ლიდერი მოკლეს, მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობის, უსაფრთხოების განყოფილების და ტექნიკური ინჟინერიის ხელმძღვანელი პირები.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ისლამისტური დაჯგუფების ლიდერებს მძიმე საპასუხო ნაბიჯებით დაემუქრა,
“ჩვენ გავანადგურეთ ჰამასის წამყვანი მეთაურები და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ მათ მიმართ იმ ტიპის თავდასხმებს განვახორციელებთ, რომელიც არც კი წარმოუდგენიათ”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ – მინისტრმა
როგორც ადგილობრივი მედია წერს, თავდაცვის ძალებმა ცენტრალური ისრაელის მოსახლეობის გაფრთხილება დაიწყეს, ხელისუფლება საპასუხო თავდასხმის მოლოდინშია. ღაზის სექტორის მოსაზღვრე დასახლებებში კვლავ გამაფრთხილებელი სირენები ისმის.
ცნობისთვის, ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მესამე დღეა არ წყდება, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა 11 მაისს ისრაელის ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით 130 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა – ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათი მიმართულებით პალესტინელმა სამხედროებმა სამ დღეში 1000-მდე სარაკეტო გასროლა განახორციელეს.
თელ-ავივის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორის დაბომბვისას საცხოვრებელი შენობა სარაკეტო თავდასხმით გაანადგურეს, ისლამისტურმა დაჯგუფებამ თავდასხმისთანავე გაავრცელა მუქარა, რომ საპასუხოდ ისრაელის დედაქალაქს დაბომბავდა.
სამხედრო შეტაკებების განახლებას პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის საზიარო წმინდა ადგილია.
ჰამასმა ისრაელს სამართალდამცველების ადგილიდან გაყვანის ულტიმატუმი წაუყენა, სამხედრო კონფლიქტი კი ისრაელის მხრიდან ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ განახლდა.