იტალია მაისიდან კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებული ზომების მოხსნას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მანამდე ქვეყნის მთავრობა შესაბამის გეგმას საზოგადოებისთვის საჯაროს გახდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა. მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნა 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყება.
„ნეტავ შემეძლოს იმის თქმა: მოდი ყველაფერი გავხსნათ ახლავე, ხვალიდან… მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლო იქნება. ასე მოქცევა ვირუსის უკონტროლო გავრცელებას გამოიწვეს და ყველანაირ ძალისხმევას, რაც კი აქამდე გვქონია, ხაზს გადაუსვამს“, – აღნიშნა კონტემ.
იტალიაში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა რაოდენობა პირველად შემცირდა. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში განაცხადეს.
„დღევანდელი დღის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 108 237 ადამიანს შადგენს, რაც 20 ადამიანით ნაკლებია, ვიდრე გუშინ. პანდემიის დაწყებიდან ეს პირველად მოხდა“, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 454 ადამიანი გარდაიცვალა, 1 822 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 256 დაინფიცირდა.