ლანჩხუთში, დღეს, ქვეყნის მასშტაბით რიგით 52 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს, კომფორტულ გარემოში ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სხვადასხვა სერვისი. ცენტრი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზეიმო ვითარებაში გახსნა, რომელსაც ადგილობრივ ხელმძღვანელობა და მხარის გუბერნატორი ესწრებოდნენ. მინისტრთან შესახვედრად მერიისა და სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებიც იყვნენ შეკრებილები, მიუხედავად იმისა, რომ შესვენება დასრულებული იყო.
მინისტრმა ლანჩხუთელებს მიულოცა საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა, სადაც სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, ახალგაზრდებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ კომპიუტერული დარბაზითა და ინტერნეტ ბიბლიოთეკით. თეა წულუკიანისა და იქ მყოფი ბავშვების ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა, რომ ამ დარბაზს პირველი რესპუბლიკის სახელი მინიჭებოდა, იქედან გამომდინარე, რომ პირველი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა სწორედ ამ კუთხის შვილებმა შექმნეს 100 წლის წინ.