„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დავით გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა განხორციელდა.
სამადაშვილის თქმით, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი აბსურდული ბრალდებით არიან დაკავებულები.
„პირველ რიგში, მინდა მივმართო დაკავებულების ოჯახებს, მათ მეგობრებს და დავამშვიდო ისინი. წარმომიდგენია რამხელა არის ის შოკი, რომელიც მათ მიიღეს, როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ განხორციელდა სამართლებრივი დევნა. მსურს მათ განვუმარტო, ჩათვალონ, რომ მათი ოჯახის წევრები დროებით გაუგებრობაში მოყვნენ, იმ გაუგებრობაში, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება. არჩევნებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში დასრულდება ის უკანონობა, რასაც დღეს ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს, რომელიც შეიძლება ითქვას პირდაპირ არის შესული აგონიურ კრუნჩხვებში. როგორც ჩანს ივანიშვილმა თავისი მართვის ბოლო სამ კვირაში გადაწყვიტა ჩაიდინოს კიდევ არაერთი სისულელე, რომელზეც აუცილებლად მოეთხოვება პასუხი მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს. აბსურდულია განაცხადი, რომ შეთანხმება არის მიღწეული რაიმე ტერიტორიების გადაცემაზე მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარე რეჟიმში არის მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხზე საქართველოს და აზერბაიჯანს შორის”, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი იმყოფება საომარ მდგომარეობაში, საქართველოს ხელისუფლების განაცხადი, რომ აზერბაიჯანს წინა ხელისუფლების დროს გადაეცა ტერიტორიები, გაუგებარია და დამატებით უზარმაზარ საფრთხეს აჩენს ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
„რეალურად საქმე გვაქვს იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია ადამიანის ცხოვრება. მათ შორის, ხანდაზმული და ღვაწლმოსილი ექსპერტის ცხოვრება, რომელიც დღეს ფაქტობრივად გახდა სამართლებრივი დევნის მსხვერპლი, ერთადერთი მოტივაციით და ეს მოტივაცია ცხადია არის პოლიტიკური. რეალური ამოცანა, რაც აქვს დღეს ხელისუფლებას, არის ის, რომ დაკავებულმა ადამიანებმა მისცენ ჩვენება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ და წინასაარჩევნოდ სიკვდილის, გადარჩენის ფაზაში მყოფმა პოლიტიკურმა რეჟიმმა შეეცადოს, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების მოგონილი ზღაპრებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ აზრს გაითვალისწინებენ და დაგვეთანხმებიან, რომდღეს დაკავებული ექსპერტები არიან პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმაჯულების მსხვერპლი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დღეიდანვე დავიწყებთ ძალიან აქტიურ მუშაობას მათი განთავისუფლების მისაღწევად. თუმცა რამდენიმე კვირაში ეს ხელისუფლება, უკანონობა და უსამართლობა ჩვენს ქვეყანაში დასრულდება და ეს ორი უდანაშაულო ადამიანი, რომელიც დღეს ტოტალიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებულმა ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის პოლიტიკურმა სისტემამ გაწირა, რა თქმა უნდა, განთავისუფლდება და აუცილებლად იპოვის სიმართლეს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.