„მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც მოცემულია მეტროს მემანქანეებზე დარიცხული სარგოსა და სხვადასხვა დანამატების ოდენობა, რომელიც მეტია ვიდრე პატრულის თანაშრომლის ხელფასი, რომელიც მეტია, ვიდრე სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის ხელფასი, მეტია ვიდრე მაშველების, მეხანძრეების ხელფასები.
ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, რა ხდებოდა მოლაპარაკებების პროცესში – საკუთარი შრომითი უფლებების ეგრეთ წოდებული დამცველები მიგვითითებდნენ და გვიყენებდნენ პირობას, რომ მათი ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია სოციალური დახმარებების ანუ სუბსიდირების ან თუნდაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯზე.
მე, როგორც თბილისის მერი, არ დავუშვებ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ან სოციალური ჯგუფების სუბსიდირების შემცირების ხარჯზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება და შესაბამისად, კალაძის განცხადებით, მათი მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.
„მინდა შევაჯამო ჩემი განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტო:
· მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას.
· მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების ხელფასები.
· მემანქანეთა გაფიცვა ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ჟურნალისტებს მეტროს მემანქანეთა ანაზღაურების ამსახველი დოკუმენტიც მიაწოდა.
1tv.ge