თბილისის მერი, კახა კალაძე ძალადობას კატეგორიულად ემიჯნება და ამბობს, რომ ქვეყანაში დაპირისპირებები მიზანმიმართულად, ოპოზიციის ორგანიზატორობით ხდება.
“კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას და ნამდვილად არ მსიამოვნებს ეს დაპირისპირებები. მგონია, რომ ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს, ვთქვათ, მიხვიდე პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან და გააპროტესტო?! არ არის ადგილები, სხვა კონკრეტული ლოკაციები იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი?” _აცხადებს კალაძე.
ცნობისთვის, 2 დეკემბერს მცხეთაში მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მოძრაობა “გაბედეს” წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით კი თბილისში, „ქართული ოცნების” ოფისთან აქციაზე აქტივისტები და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დედაქალაქის მერმა განაცხადა, ისიც, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ ხედავს.
მან ასევე ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სჯობს ენერგიები ქვეყნის განვითარებას მოხმარდეს.