„დგანან ქუჩაში და კანონსაწინააღმდეგო დესტრუქციული ნაბიჯებით ცდილობენ, პრობლემა შეუქმნან ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას“, _ განაცხადა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით.
მისივე თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ ის გუნდია, რომელმაც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის გახორციელებისას, საარჩევნო სისტემის ცვლილება განხილვის საგნადაც კი არ აქცია.
„პროცესს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა განშტოებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. დღესაც სწორედ ეს ადამიანები, ზუსტად იგივე შემადგენლობით, დგანან ქუჩაში და კანონსაწინააღმდეგო დესტრუქციული ნაბიჯებით ცდილობენ, პრობლემა შეუქმნან ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას.
ეს ის გუნდია, რომელმაც 2008 წლის მარტში ხალხის გადაწყვეტილების, ანუ რეფერენდუმის შედეგების რევიზია, საპარლამენტო კენჭისყრის გზით, საკუთარი ვიწროპარტიული და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე განახორციელა და მაჟორიტარული კომპონენტი გააძლიერა, კერძოდ – 50 მაჟორიტარული მანდატი 75-მდე გაზარდა, ხოლო პროპორციული წესით ასარჩევი 100 დეპუტატის რიცხოვნობა 75-მდე შეამცირა.
ეს ის გუნდია, რომელმაც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას, საარჩევნო სისტემის ცვლილება განხილვის საგნადაც კი არ აქცია.
მოგვიანებით, ამავე გუნდმა და მისმა ლიდერმა, სააკაშვილმა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ დისკუსია ტაბუდადებულ თემადაც კი გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ანტიდემოკრატიული საკონსტიტუციო ცვლილებები იმ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე.წ. ექსპერტების თანამონაწილეობით გახორციელდა, რომლებიც დღესაც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ემსახურებიან და მის გვერდით დგანან.
ამ პოლიტიკურ სუბიექტებს არ აქვთ არავითარი მორალური უფლება, პროპორციულ სისტემაზე დასანანი ვერგადასვლის გამო, „ქართულ ოცნებას“ რაიმე პოლიტიკური ბრალდება წაუყენონ.
მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დესტრუქციული მოქმედებებისგან, დაიცვან კანონი და საკუთარი ძალისხმევა დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობისკენ მიმართონ“, _ განაცხადა კალაძემ.