დღეს, რუსთაველის დღის აღსანიშნავად, ოზურგეთის ე. თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ქალაქ ოზურგეთის მერიის ინიციატივით, დღესასწაულთან დაკავშირებული „კალიგრაფიის კონკურსი“ გაიმართა, რომელშიც ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების თითო მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსის მიზანი იყო, წერის ტრადიციული პრინციპის გამოვლენა, ორიგინალურ-ინდივიდუალური მიდგომით.
საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევარი წარმოადგინეს ქალაქის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ თაკო ბადალაშვილმა და წმიდა ნინოს სამრევლო სკოლის მოსწავლემ მარიამ მენაბდემ.
გამარჯვებულებს სიგელები გადასცა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ:
_ ჩვენზე ამბობენ, რომ ვართ ამაყი ერი, თუმცა, რატომ არ უნდა ვიყო ამაყი, როცა „ვეფხისტყაოსანი“ გვაქვს, გვყავს შოთა რუსთაველი და ასეთი თაობა თქვენი სახით, _ უთხრა მან კონკურსში გამარჯვებულებს.