ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და მიზეზებზე საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
„რთულია და ძალიან ემოციური ჩემთვის, ამავდროულად საპასუხისმგებლო, რაც უნდა განვაცხადო.
ცხადია, რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია ვთქვა, ამ პოლიტიკური გუნდიდან მივდივარ იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საზოგადოება.
კოჰაბიტაციას არ გადაყვება თითოეული ოჯახისთვის ყველაზე ღირებული რამ _ სამართალი, სამართლიანი სასამართლო.
ჩვენ, ყველას ერთად, სრულიად საქართველოსთან ერთად, 2012 წლის პირველი ოქტომბერი გვყავს ბოლომდე მისაყვანი, ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რითაც პირველი ოქტომბერი მოვიდა.
რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება _ სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედნი მოსამართლეები, მათ უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა; იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება.
პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება, რომელთაც ეს კენჭისყრაზე ჩააგდეს და ასევე, ამაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს.
„ქართული ოცნება“ პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა. ჩვენ გვაქვს ღირებულებთა სხვაობა, ჩემი ყველა მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც კი მე მქონდა შიგნით, შეცვლილიყო ეს ვითარება, გავთავისუფლებულიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან, რომელმაც შემოაღწია „ქართული ოცნების“ შიგნით, ვერ გამოიღო შედეგი“, _ განაცხადა ბესელიამ.