“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო’’-ს ოზურგეთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს:
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღე დარჩა. საზოგადოების გულწრფელი მხარდაჭერა “ქართული ოცნების” მიმართ ამჯერადაც იმდენად ღიაა, რომ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები გარდაუვალი დამარცხების შიშმა პანიკაში ჩააგდო. საზოგადოების მხრიდან არაერთხელ უგულვებელყოფილი პარტიები ‘’ქართული ოცნების’’ წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ.
უპირველესად უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ გაერთიანებაში თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებამ არაერთხელ უარყო. ამ ადამიანებისთვის ნულის ტოლფასია საზოგადოებრივი ინტერესები და სახელმწიფოებრივი აზროვნება. მათთვის მთავარი პრიორიტეტი პირადი ამბიციები და დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების თითოეული წევრი ნათლად ხედავს, თუ როგორი გამჭვირვალე და თანაბარი პირობების მქონე საარჩევნო გარემო შექმნა ხელისუფლებამ, ოპოზიციური პარტიები მაინც ჯიუტად ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ და თეთრზე შავის მტკიცებას ვერ ელევიან.
ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ‘’ქართული ოცნება’’ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ქვეყანაში სიმშვიდე, უსაფრთხოება და წესრიგი უზრუნველყო, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა დაიწყო და საზოგადოების სრული ნდობა მოიპოვა.
‘’ქართული ოცნების’’ მთავარი ინტერესია, საარჩევნო პროცესი ჩატარდეს კანონის სრული დაცვით და ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ დამკვირვებელს, რომლებიც საარჩევნო პროცედურებს დააკვირდებიან. ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, იქონიონ პოლიტიკური კულტურა და თავიანთი საქმიანობის მანძილზე ერთხელ მაინც დააყენონ საზოგადოებრივი ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა” _ აღნიშნულია განცხადებაში.