ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაღობილევში 30 წლის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ბაჩი ბოლქვაძე მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ადგილობრივი მკვიდრი, 45 წლის მამაკაცი ზ.გ-ა. მკვლელობა 14 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ამ დრომდე არ ჩაბარებია.
რა მოხდა ნაღობილევში? _ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს.
მოკლული ბაჩი ბოლქვაძე სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა მამასთან. ადგილობრივები მას დადებითად აფასებენ.
ეთერ ცივაძე: “ ბაჩი მეგობრებთან ერთად სტუმრად იყო ოზურგეთში. ნაღობილევში, მაგ ოჯახში, სადაც მკვლელობა მოხდა, სამი ბიჭი, მეგობრები იყვნენ მიპატიჟებული. ქეიფობდნენ, ერთ-ერთი სტუმარი გახდა ცუდად და მისმა მეგობარმა გვერდზე გაიყვანა. რამდენიმე წუთში თოფის გასროლის ხმა გაიგონეს, რომ მივიდნენ, ბაჩი უკვე ცოცხალი არ იყო. მიწაზე იყო გაგდებული.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა, არანაირი შელაპარაკება არ მომხდარა იქ. კაცმა არ იცის, რატომ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდა ბიჭი. მთელი ქობულეთი გლოვობს, ისეთი ადამიანი იყო. არაჩვეულებრივი პიროვნება, რომელიც მთელი ქობულეთს უყვარდა. ზრდილობიანი და კეთილსინდისიერი ბიჭი. ოჯახის უფროსმა სახლიდან ესროლა ფაჩატურში მჯდომ ბაჩის. სასწრაფო დახმარების ბრიგადა რომ მივიდა, პულსი აღარ ესინჯებოდა, _ მე ასე ვიცი. ჩემს ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ“.
“მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დათო მდინარაძის თქმით, სავაადმყოფოში გვამი მიიყვანეს.
სოფელ თხინვალში საუბრობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი გარდაცვლილთან, ქობულეთში მუშაობდა და მას კუთვნილ ანაზღაურებას სთხოვდა. ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დადასტურდება.
“ყველა განცვიფრებულია. ვერ გეტყვით რატომ მოხდა მკვლელობა. სიკეთის მეტი არაფერი გვახსოვს ამ ბიჭისგან. ყველანი გაოგნებული ვართ. ნამდვილად არ ვიცით, რა მოხდა და ვერაფერს გეტყვით“, _ ამბობს მკვლელობაში ეჭვმიტანილის მეზობელი.
შსს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მკვლელობა გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. უწუების ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.