ოზურგეთის ბაზარში დახლებზე ქაფშია გამოჩნდა, რომელიც ერთი კილოგრამი ორლარნახევარი ღირს. თევზი იმდენად წვრილი და პატარაა, გურულების საქილიკო თემად იქცა:
_„ხამსა“ და ისიც ასე დაგლახებული? ადრე რომ შემოიტანდნენ, იმას ამხელა ჩანაყლაპი ჰყავდა, _ თქვა „ დამკვირვებლის“ ტონით ერთმა მყიდველმა.
_აბა, დიდები კი მიაქვთ თურქებს, – გამოეპასუხა მეორე.
_გოურჩევლად შეჭამეთ, გოურჩევლად და დიდი იქნება, მაი მაწყინარი მაინც არაა, – ჩამოუარა მესამემ.
ამ ოხუნჯობაში, არავის მოსვლია აზრად, რატომ დგას მალფუჭებადი პროდუქტით სავსე გობები ღია ცის ქვეშ, მზეში, პირდაპირ გზაზე. მით უფრო, ქაფშიას შემოტანის სეზონი ახლა დაიწყო და მოსალოდნელია, არათუ ერთ ან ორ, არამედ რამდენიმე ლოკაციაზე გაიყიდოს.
„გურია ნიუსი“ შპს „სოფლის ნობათის“ (ოზურგეთის ბაზარი) დირექციას დაუკავშირდა.
_ ახლავე მივხედავთ, არ ვიცით, – გვითხრეს აქ.
ჩვენ, ასევე, სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, არც სამსახურის უფროსმა მანანა ერქომაიშვილმა და არაც სხვა თანამშრომლებმა სეს-ის რეგიონული სამსახურიდან, ჩვენს ზარს არ უპასუხეს.