მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ჟურნალისტი ანი მამულაშვილი. ის ბოლო დროს ჯიდიესზე მუშაობდა. ანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ და გულისტკივილს გამოხატავენ.
ლევან კირვალიძე: ოქროს გოგო. რა საშინელებაა, მაგრამ როგორ ამაყად წავიდა, უხმაუროდ, ღიმილით და სიყვარულით სავსეები რომ დაგვტოვა მის მიმართ.
თამარ ჯანელიძე: ხანდახან როგორი უსამართლოა ეს ცხოვრება!
ანა გოჩაშვილი: ძალიან, ძალიან უსამართლო ცხოვრება… მართლაც რატომ გახდა ახალგაზრდის გარდაცვალება ყოველდღიური და ეს ვერაგი დაავადება, რომელიც ვირუსივით მოედო ყველას და ყველაფერს !
ლაშა მიქაძე: ასეთ სიტუაციაშიც რომ შეეძლო ეხუმრა და აქეთ გავემხნევებინეთ! არასდროს დაგივიწყებთ
ანი ერთ-ერთ ემოციურ პოსტს 30 სექტემბერს წერს ფეისბუქზე.
“ცხოვრებაში, ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება- ძალიან ვეთანხმები ამ მოსაზრებას, თუმცა ზოგჯერ, ბოლოც მაკვირვებს ხოლმე. 2013 წლამდე, ანალგინის გარდა სხვა მედიკამენტი არასდროს დამილევია, ისიც ძალიან იშვიათად. მელანომის გაცნობის შემდეგ, უკვე იმდენი წამალი გავსინჯე, მგონი ყველა აღარც მახსოვს. აქედან მე ვუტევ, იქიდან ის ცდილობს ჩემს დაჩაგვრას და ვართ ასე, უკვე 6 წელია. ვცდილობ არასოდეს მახსოვდეს, როცა ცუდად ვიყავი. არ ვიცი როგორ, მაგრამ ტვინში ვბლოკავ “ცუდ” დროს, რთულ პერიოდებს ცხოვრებაში, არასწორ გადაწყვეტილებებს, ძლიერ წამალს, რომელმაც მელანომასთან ერთად, ლამის მეც მომიღო ბოლო. ვბლოკავ ადამიანებს, ჩემთვის მიუღებელი საქციელებით და შემდეგ ქუჩაშიც რომ ვნახო, გულწრფელად ვერ ვცნობ მათ. ვერანაირად მოვახერხე “ინტერფერონის” დაბლოკვა, რაღაც სხვა განზომილება იყო ჩემს ცხოვრებაში, სასტიკად აგრესიული. გავთეთრდი, გავხდი, დავნევროზდი, ფიზიკურად დავსუსტდი… წერისას მიჭირს იმ სიმძაფრის გადმოცემა, რაც გამოვიარე… ძალიან გამიმართლა, რომ “ჯი დი ეს”-ში ვმუშაობდი, მაშინ. მადლობელი ვარ თითოეული თანამშრომლის, რომ ამდენი მომითმინეს, ამდენი მეფერეს, ძალიან ბევრჯერ გადამისვეს თავზე ხელი, გვერდში დამიდგნენ და დღემდე ასეა. საშინლად იღბლიანი ვარ.
ახლა, კვლევის ახალი შედეგებისას, კვლავ შემიცვალეს წამალი.
2013 წელი მახსენდება. დილა განსაკუთრებით რთულია. სარკეშიც თითქოს, სხვა ადამიანს ვუყურებ, შეშუპებული თვალებით და გამქრალი ნაპერწკლებით. ვერ ვეგუები ენერგიის, ასე სასტიკად, გამოცლას ხელიდან და მიჭირს გაცნობიერება, რომ მოხუცივით მტკივა ძვლები.ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, იქნებ ჯობია, რომ საერთოდ არ დავლიო, მის გარეშე ხომ უკეთესად ვიყავი და მგონია, რომ სანამ ხარ უნდა იყო მხიარული და ლაღი, თუმცა მერე სულ მახსენდება, რომ ცხოვრებაში, ყველაფერი, აუცილებლად უკეთესობისკენ იცვლება!!!
სასოწარკვეთილება არასოდეს მიგრძვნია,აუცილებლად ასეც გავაგრძელებ და მჯერა, რომ ძალიან მალე მოვახერხებ, ამ მედიკამენტის უკუჩვენებების, დაბლოკვას ტვინში!
დილა მშვიდობის“.
ბოლო პოსტი კი 18 ოქტომბერს აქვს დაწერილი და დაბადების დღეს ულოცავდა ერკეთი დედათა მონასტრის იღუმენს მარიამს.
“გურია ნიუსი“ სამძიმარს უცხადებს ჩვენი კოლეგის ანი მამულაშვილის ოჯახის წევრებს და მეგობრებს.