საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.
კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს მელია.
“იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას.
ზემოთქმულის ალტერნატივა უდაოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს – საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში.
პ.ს. სპეკულაციური ინტერპრეტაციების მსურველთათვის განვმარტავ:
– ნაციონალური მოძრაობა თავისი ფასეულობებით და ლიდერების მოქმედების მანერით ჩემთვის სრულიად მიუღებელია;
– 2019 წლის 20 ივნისს არ ვამართლებ დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას, თუმცა სრულიად სოლიდარული ვიყავი და ვარ იმ პროტესტის, რომელიც პარლამენტში გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანას მოჰყვა და, რა თქმა უნდა, როგორც მაშინ, დღესაც ისევე ვგმობ პოლიციის წარმომადგენელთა გადაჭარბებულ ძალისმიერ ქმედებებს, რომელთა შედეგადაც ახალგაზრდებმა მხედველობა დაკარგეს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს”, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.