ექიმი ზვიად კირთავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი აზრით, ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს მოსახლეობასთან კომუნიკაცია რისკების შესახებ ინფორმირების კუთხით!
“ინფიცირების უკვე 100,000 შემთხვევა. ახალი შემთხვევები – უკვე 4,000-ზე მეტი.
გარდაცვლილთა რაოდენობა – 1,000-ს მიუახლოვდა.
გაზაფხულზე სხვა ქვეყნების უმძიმესი გამოცდილების დანახვა საკმარისი იყო, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს რეკომენდაციები დაეცვა და ინფექციის მართვა მოხერხებულიყო.
ნუთუ ამჟამად საკუთარ ქვეყანაში ასეთი მძიმე მდგომარეობის დანახვა არ შეგვიძლია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების, ფრონტის წინა ხაზზე მდგარი მედპერსონალის და მთელი საზოგადოების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს?!
ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს მოსახლეობასთან კომუნიკაცია რისკების შესახებ ინფორმირების კუთხით! მაგრამ ასევე – სასწრაფოდ – შეზღუდვებიც, რათა ინფექციის შიდა გადაცემის ჯაჭვის შესუსტება მოხდეს – გასაგებია, რომ საყოველთაო ლოქდაუნი არასასურველია, მაგრამ დიდ ქალაქებში მაინც უნდა მოხდეს გადაადგილების, შეხვედრების, დახურულ სივრცეში მრავალი ადამიანის თავმოყრის რისკის მქონე ბიზნესების შეზღუდვა. და იმ ადამიანთა სარისკო ქცევის უფრო მკაცრად შეზღუდვაც, ვინც საკუთარი უმეცარი თუ ეგოისტური ქმედებით საფრთხეში აგდებს მთელი საზოგადოების ჯანმრთელობას. ამავდროულად იმ ადამიანებს, რომელთა სამუშაო და შემოსავლები შეზღუდვების გამო რისკის ქვეშ დადგება, უნდა მიეცეთ სათანადო საკომპენსაციო პაკეტი.
როგორც ევროპული გამცდილება აჩვენებს, შეზღუდვების შემოღებიდან ინფიცირების გადაცემის მაჩვენებლის და ახალი შემთხვევების დაქვეითების ეფექტის მიღებამდე საშუალოდ 1-3 კვირაა საჭირო. ასე რომ, მკვეთრი შეზღუდვების დაწყების გადადება კიდევ უფრო მეტად გაახანგრძლივებს მძიმე მდგომარეობას და უფრო მეტად მიიყვანს კრიტიკულ ზღვართან ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ჯანდაცვის სისტემას.
გასათვალისწინებელია დისტანციური სამუშაოს შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება. ოფისებში ერთდროულად მყოფ მოსამსახურეთა რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა. სამსახურების სამუშაო საათების აცილებული ცვლების შემოღება, მოკლე მანძილზე გადაადგილებისათვის ფეხით სიარულის რეკომენდირება. მაქსიმალური საფრთხის მქონე ბიზნესების (რესტორნები, ბარები, დახურული ფიტნეს დარბაზები, სასწავლო დაწესებულებები) იმგვარად შეზღუდვა, რომ ერთდროულად მყოფთა რაოდენობა მკვეთრად შეიზღუდოს. რესტორნებიდან ძირითადად გატანის სერვისები უნდა დარჩეს. აღნიშნული დაწესებულებების მუშაობა თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის გამოცდილებით, საღამოს საათებში განსაკუთრებით უნდა შეიზღუდოს.
კონტაქტების რეგისტრირების მობილური აპლიკაციის გამოყენება ეფექტური იქნება, თუ ამას მოსახლეობის მინიმუმ 50% გააკეთებს.
მეორე საკითხია ბინაზე ათასობით ინფიცირებულის მართვის გაუმჯობესება. სამთავრობო ინფორმაციით, ამჟამად სტაციონარში 3500-მდე პაციენტია, კოვიდ სასტუმროებში – 6200-მდე. ბოლო კვირებში მოხერხდა აქტიური შემთხვევების სტაბილიზირება (17-18,000 შორის) და ჰოსპიტალიზებულთა მაჩვენებლის შემცირებაც ინფიცირებულთა 37%-დან 20-25%-მდე, რამაც სისტემის გადატვირთვის რისკი შეამცირა, მაგრამ აუცილებლად მოსაგვარებელია ბინაზე მყოფ პაციენტებთან გამართული კომუნიკაცია – იქნება ეს გადატვირთული ცხელი ხაზების დამატებით, ონლაინ საკონსულტაციო პლატფორმებში მეტი ექიმების ჩართვით (თუნდაც დაშორებული ტელეკონსულტაციების სახით), თუ კერძო სადაზღვევო სისტემის ოჯახის ექიმების ჩართულობის გაზრდით. ფაქტია, რომ ამჟამად ბინაზე მყოფი პაციენტებთან გამართული კომუნიკაცია და მართვა, შფოთვის და პანიკის აცილება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ამ კუთხით მიღწეული წარმატება შეიძლება გახდეს პანდემიის მართვაში შედეგის განმსაზღვრელი.“- წერს ფეისბუქზე ზვიად კირთავა.