„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ხელისუფლებას ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ლობირებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქოქოლაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც სახალხო დამცველთან და ადვოკატებთან ერთად გამართა.
ანზორ ქოქოლაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბრალის წარდგენიდან უკვე 6 წელი გავიდა და კანონით 24 თვეა განსაზღვრული, სასამართლო პროცესები ჯერაც არ ჩანიშნულა.
„პროკურატურაში წარდგენილია ყველა მტკიცებულება და დადასტურებული ფაქტები, თუ როგორ ატერორებდა ბიზნესს სააკაშვილის ხელისუფლება, რომელსაც „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმეში ჩართული ყავდა სახელმწიფო ხელისუფლების თითქმის ყველა შტო – ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, საგადასახადო სამსახური, ქალაქის მერი, პარლამენტი და სასამართლო. ჩვენს წინააღმდეგ დანაშაულებრივ სქემას ხელმძღვანელობდა ზურაბ ადეიშვილი, ხოლო აღასრულებდნენ დავით კეზერაშვილი და მამუკა ხაზარაძე, „თი-ბი-სი ბანკით“.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ძიება 2012 წლიდან დაიწყო, დაზარალებულად ჩემი ცნობა იწელება. ეს ფაქტი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლების გარკვეული წრეები ისევ აქტიურად მფარველობენ მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც მთავარი „ზონდერ ბიზნესმენის“ ფუნქცია შეასრულა კომპანია „ელიტ ელექტეონიქსის“ მითვისების სქემაში“, _ აცხადებს ბიზნესმენი და ხელისუფლებას მიმართავს, სასამართლო პროცესი დროულად ჩაინიშნოს და მისი დაზარალებულად ცნობა დაჩქარდეს.
“ეს არის ის კონკრეტული საქმე, სადაც საკმაოდ სერიოზული დარღვევები იქნა აღმოჩენილი სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან. მე მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ საქმეებზე რეაგირება თუნდაც დავგვიანებით“, _ აღნიშნა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ.
ამავე თემაზე:
თაღლითობისთვის ნასამართლევმა ანზორ ქოქოლაძემ ისევ ცილისწამებას მიმართა (R)