ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ,გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას აკისრია.
_ ეს ფაქტი ჯერ კარგად უნდა გამოიძიოს შესაბამისმა საგამოძიებო უწყებამ და ამის შემდეგ შევძლებთ, რომ კონკრეტულ ასპექტებზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ. თავისთავად ცხადია, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ რეზონანსული შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც პასუხი, პირველ რიგში, რუსეთს მოეთხოვება, სწორედ იმ ქვეყანას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მეშვეობით მართავს პროცესებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ჩვენი ხელისუფლების რეაქცია, თითქოსდა, ადეკვატურია, მაგრამ ნაკლებად ეფექტური, რადგან შესაბამისი შედეგი სამომავლოდ მათ ქმედებას არ მოჰყვება და ისევ გაგრძელდება ოკუპაციის საზღვარზე არსებული მდგომარეობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამიტომ ამ ფაქტზე საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეააქციაა საჭირო.
_ ბატონო ვაჟა, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მწვავე შეფასებები შეაჩერებს საუკუპაციო რეჟიმის დამპყრობლურ პოლიტიკას?
_ შემაჩერებელი არ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ამხელს რუსეთის ხელისუფლების ზრახვებს მეზობლების მიმართ, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, რადგან მორიგი სამხედრო მოქმედებების ესკალაცია და პროვოცირება ამ ეტაპზე შედეგის მომცემი არ ინება. რაც არ უნდა შევიარაღდეთ ჯარებით და საჰაერო თავდაცვის ეფექტური სისტემით, რუსეთთან პირისპირ დარჩენის შემთხვევაში, ვერც ტერიტორიებს დავიბრუნებთ და შესაძლოა, ის ტერიტორიებიც დავკარგოთ, რაც ახლა გვაქვს. ასე რომ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უნდა გავაპროტესტოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა უმსგავსო ქმედება.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა 22 თებერვალს საქართველოს სამი მოქალაქე _ არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ცნობით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გულის შეტევით დაიღუპა, თუმცა, ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ტატუნაშვილი მოკლეს.