“პარტრიოტთა ალიანსის” წევრი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით საგრძნობლად იზრდება დეპუტატების, პარლამენტის თავმჯდომარის, მინისტრების, პრემიერისა და საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი. გარდა ამისა, ინაშვილის თქმით, იმ პირობებში, როცა საქართველოს მოსახლეობას ძალიან უჭირს, მაღალჩინოსნები ავტომობილების განახლებაზე მილიონობით თანხას არ უნდა ხარჯავდნენ.
“დიდი სიხარულით შემოიტანეთ მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი, რომ დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ ხელფასი 9 000 ლარი, მინისტრებს _ 11 000 ლარი, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს _ 13 000 ლარი. მე ვამბობ, რომ 9 000 ლარი არ მეკუთვნის, თქვენ გეკუთვნით 11 000 ლარი? არც იმას ვამბობ, მაინც და მაინც ღარიბი მინისტრები უნდა გვყავდეს, გაღატაკებული და დახეული სამოსით უნდა დადიოდნენ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მშიერი ქვეყნის პრემიერი ბრძანდებით, მშიერი ხალხის მინისტრები ხართ. გადავხედოთ თქვენს შესყიდვებს, სამინისტროების ავტომობილებს, იგივე პარლამენტის ავტომობილებს. მე არ მესმის, რა საჭიროა ამ ავტოფარეხის ასეთი მასობრივი განახლება და მასზე ამდენი სახსრების წარმართვა, მაშინ, როცა ამდენი მშიერი ადამიანი გვყავს ქვეყანაში”, _ მიმართა ირმა ინაშვილმა პრემიერ_მინისტრს.
მმართველი გუნდის წევრის გიგა ბუკიას განცახადებით, “პატრიოტთა ალიანსის” წევრის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ბუკია აცხადებს, კანონი, რომელიც პრემია_დანამატების გაცემას კრაძალავს, ძალაში 2021 წელს შევა. მისი თქმით, პრემია_დანამატების პრაქტიკა ბუნებაში აღარ იარსებებს.
“ხელფასების დარეგულირებაზე, პრემიებსა და დანამატებზე სისტემური ცვლილება ხორციელდება და ის ანაზღაურება, რომელიც მახინჯი ფომით არსებობს, იქნება გაწერილი ხელფასის სახით. რაც შეეხება ხელფასების მატებას მინისტრებისთვის და დეპუტატებისთვის, მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, 2021 წელს კანონი შეავა ძალაში, რომელის მიხედვით, პრემიების აღების პრაქტიკა საერთოდ დასრულდება. პრემიების თემა ძალიან საჩოთირო თემა იყო, თუმცა, საკითხი საერთოდ დაიხურება”, _ განაცხადა გიგა ბუკიამ.
პარლამენტის ოფიციალურ ვებ_ვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პარლამენტის წევრის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) თანამდებობრივი სარგოსა და სადეპუტატო უფლებამოსილების გახორციელების თანხისგან შედგება.
პარლამენტის წევრის ხელფასი 2 000 ლარია. სადეპუტატო უფლებამოსილების გახორციელების თანხის რაოდენობა კი პარლამენტის წევრის თანამდებობაზეა დამოკიდებული, რომელიც 1 790 ლარიდან 3 905 ლარამდე მერყეობს.
საქართველოს პარლამენტში უფლებამოსილების გახორციელებისთვის პარლამენტარების ყოველთვიური სახელფასო დანამატი და თანამდებობრივი სარგო ასე გამოიყურება:
პარლამენტის თავმჯდომარე: დანამატი _ 3 905 ლარი, თანამდებობრივი სარგო _ 2 000 ლარი, ჯამში _ 5 905 ლარი.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: დანამატი _ 3 570 ლარი, თანამდებობრივი სარგო _ 2 000 ლარი, ჯამში _ 5 570 ლარი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: დანამატი _ 3 505 ლარი, თანამდებობრივი სარგო _2 000 ლარი, ჯამში _ 5 505 ლარი
საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები და კომიტეტის თავმჯდომარეები: თითოეულის დანამატი _ 2 705 ლარი, სარგო _ 2 000 ლარი, ჯამში _ 4 705 ლარი
ფრაქციის თავმჯდომარე: დანამატი _ 2 635 ლარი, თანამდებობრივი სარგო _2 000 ლარი, ჯამში _ 4 635 ლარი
საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები: თითოეულის სახელფასო დანამატი _ 2 105 ლარი, თანამდებობრივი სარგო _ 2 000 ლარი, ჯამში _ 4 105 ლარი
საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერების მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეები: თითოეულის დანამატი _ 1 970 ლარი, სარგო _ 2 000 ლარი, ჯამში _ 3 970 ლარი
კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეები: თითოეულის დანამატი _ 1 905 ლარი, თანამდებობრივი სარგო _ 2 000 ლარი, ჯამში _ 3 905 ლარი
საქართველოს პარლამენტის წევრი: თითოეულის დანამატი _ 1 790 ლარი, სარგო _ 2000 ლარი, ჯამში _ 3 790 ლარი
შეგახსენებთ, რომ მოცემული თანხები არ ასახავს პარლამენტარების მიერ აღებული პრემიების რაოდენობას.