ამ დღეებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან და მათგან პრობლემების შესახებ საუბარს პირდაპირ ისმენენ.
დღეს ისინი ბოხვაურის მცხოვრებლებს შეხვდნენ. სოციალური და ჯანდაცვის მინისტრის
მოადგილე თამარ გაბუნია ადგილობრივებს ესაუბრა C ჰეპატიტის მკურნალობასა და მედიკამენტებზე არსებული შეღავათების შესახებ.
მოსახლეობის წარმომადგენლებმა მოითხოვეს ჭალა-ბოხვაურის გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული გზის პრობლემის შესახებ ახლახან წერდა „გურია ნიუსი“. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ახლა დგება პროექტი, რაც გათვალისწინებული იქნება 2020 წლის ბიუჯეტში.
ზაზა გაბუნიამ ისაუბრა სხვადასხვა პრობლემების შესახებ და თქვა, რომ ბიუჯეტში უპირველეს ყოვლისა, ხალხის მოთხოვნები უნდა იქნეს გათვალისწინებული.
შეხვედრას პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გივი ჭიჭინაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.