რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 42 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება იწყება, რომელიც 90-მდე ხიდსა და 40-მდე გვირაბს მოიცავს.
„ეს არის, როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზა, ასევე, მას აქვს სატრანზიტო ფუნქცია ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის.
ეს ჩვენი სივრცითი განვითარების გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია და მიხარია, რომ ამ პროექტებში წინ კარგი სიჩქარით მივიწევთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების ყველაზე მოცულობითი კომპონენტის სივრცითი მოწყობის ფარგლებში განხორციელდება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 800 მილიონ დოლარს შეადგენს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.