სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში გუშინ ქართველთა დღე იყო. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კონტინენტის გამარჯვებულის წოდება მესამედ მოიპოვა და სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ გაახარა.
გორელმა ფალავანმა თავდაპირველად აზერბაიჯანელი ახმედნაბი გვარზატილოვი დაამარცხა. შემდეგ მის გზას უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი გაუყენა. ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველი რუსთა ჩეჩენ ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდა. თავიდან 0:5 ჩამორჩა, მაგრამ მოგვიანებით მდგომარეობის გამოსწორება შეძლო და საბოლოოდ 10:9 იმარჯვა.
„ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ. ევროპის ჩემპიონი მესამედ გავხდი და ეს გამარჯვება ჩემთვის წინანდელებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ფინალში ჩაკაევს რევანში ავუღე. მასთან ადრე წაგებული მაქვს, ძალიან ძლიერი მეტოქეა. რომ შემძლებოდა, მარტივად მოვუგებდი, მაგრამ ვერა – გამარჯვებისთვის მაქსიმუმის გაღება დამჭირდა“, _ განაცხადა ფინალური ორთაბრძოლის შემდეგ ამჟამად უკვე ევროპის პირველობის სამგზის გამარჯვებულმა.
გუშინ ნოვი სადში კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე ასპარეზობდა, რომელმაც, საბოლოოდ, მეშვიდე ადგილი დაიკავა.
დღეს, ნოვი სადში ევროპის შარშანდელი ფინალისტი დავით ტლაშაძე (70 კგ წონითი კატეგორია) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მედალოსანი გენო პეტრიაშვილი (125 კგ წონითი კატეგორია) იასპარეზებენ. რასაკვირველია მედლებს კიდევ ველით, განსაკუთრებით გენო პეტრიაშვილისგან.
გუშინ აშშ-ში მიმდინარე ეროვნული საკალათბურო ასოციაციის ფლეი-ოფის მორიგი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ კლუბ „იუტას“ უმასპინძლა და ზედიზედ მეორე გამარჯვებას მიაღწია – 115:104. ზაზამ მოედანზე რვა წუთი გაატარა და საკუთარ აქტივში ორი ქულა მიითვალა. შეგახსენებთ რომ სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება. მეტოქეები ამჯერად ორჯერ „იუტას“ მოედანზე შეხვდებიან.
გუშინ ქართული საინფორმაციო საშუალებების თვალთახედვის არეში გამოჩენილი ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე აღმოჩნდა, რომელმაც სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
„ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა. უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს. მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნები“, _ განაცხადა მამუკა გორგოძემ.
გუშინ ფეხბურთში ევროპის ლიგის კიდევ ერთი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. ესპანეთში „სელტამ“ ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და დამარცხდა – 0:1. განმეორებითი მატჩი ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ მილანის „ინტერს“ მომდევნო სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. გუნდის ამჟამინდელი თავკაცი სტეფანო პიოლი თანამდებობას იტალიის მიმდინარე პირველობის დასრულების შემდეგ დატოვებს. „ინტერის“ ხელმძღვანელობა გუნდის ახალ დამრიგებელს უკვე ეძებს.
მადრიდის „ატლეტიკოს“ არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ იტალიელებს უკვე უარი შეუთვალა. ანალოგიურად მოიქცა ლონდონის „ჩელსის“ იტალიელი თავკაცი ანტონიო კონტეც.
იტალიური სპორტული მასმედიის მტკიცებით, დიდია ალბათობა, „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის სავარძელი „ნაპოლის“ ამჟამინდელმა თავკაცმა მაურიციო სარიმ ჩაიბაროს. ცნობილია, რომ „ინტერის“ უფროსობა მას ორიოდე დღის წინ დაუკავშირდა და მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე გაიმართა.