საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სუიციდის შემთხვევები ხშირია, მეორე პრობლემას კი მედიასაშუალებებით სუიციდის შემთხვევების გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა წარმოადგენს.
ხუნდაძის თქმით, სუიციდი ფსიქიკური მდგომარეობაა, რომლისგანაც დაზღვეული შესაძლოა არავინ აღმოჩნდეს და ამიტომ ყველაფერია გასაკეთებელი ადამიანის უფლებების დასაცავად.
“განსაკუთრებით მძიმეა, როცა სიუციდის შემთხვევა ეხება მოზარდს და ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, მაგრამ თუ ემოციები უმართავი გახდა, შესაძლოა ამან უარესი რეალობის წინაში დაგვაყენოს.
აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ – პირველი – სუიციდის შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ ხშირია და მეორე, თავად ამ შემთხვევების მედიასაშუალებებით გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა და ამ ემოციით საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების მცდელობა, რაც ამავე საზოგადოებისთვის სახიფათოა.
ეს არის ადამიანის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც საინფორმაციო პროპაგანდის შედეგად შესაძლოა დასაშვები და მაპროვოცირებელი გახდეს სხვისთვისაც. ასევე, ეს განსაკუთრებით დამთრგუნველია მსმენელისთვის. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მედიასაშუალებები ვერ მოაგვარებენ, ამაზე სახელწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მიმართულებით, მაგრამ მედია, როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი, ყველაზე მძლავრი საშუალება, ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერებაში ამ ფაქტის დაშვებადობას და შესაძლოა ეს მდგომარეობა ვიღაცისთვის წამახალისებელი აღმოჩნდეს.
ეს არის განსაკუთრებული ფსიქიკური შემთხვევა, რომლისგანაც არავინ არის დაზღვეული, არც ერთი ქვეყანა. ჩვენ ეს სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები და თუ ვინმეს ამ მდგომარეობამდე მიყვანაში ედება ბრალი, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მინდა მოგმართოთ თხოვნით მედიასაშუალებებსაც და საზოგადოების წარმომადგენლებსაც დაიცავით ბავშვთა უფლებები და საზოგადოების ინტერესები. ამად არანაირი პოლიტიკური სარგებელი არ ღირს. ნებისმიერი პიროვნება, ჟურნალისტია ის თუ პოლიტიკოსი ან პოლიტიკაში შემოსასვლელად ემზადება, სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ მივისწაფით ევროპული ღირებულებებისკენ და უმთავესი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ბავშვს,”_ ნათქვამია ხუნდაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.