გუშინ, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი „სამტრედია“ ბაქოში „ყარაბაღს“ დაუპირისპირდა. ვიცოდით რომ მეტოქე ძლიერი გახლდათ, მაგრამ იმედი მაინც გვქონდა რომ ქართული გუნდი იბრძოლებდა და ასე სამარცხვინოდ არ შერცხვებოდა. კი, მატჩის არბიტრი თურქი გახლდათ და „სამტრედიას“ კარში ორი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დანიშნა, აქედან პირველი ალბათ საეჭვო, მაგრამ ფაქტია, მთელი შეხვედრის განმავლობაში „სამტრედიას“ ღირებული არაფერი გაუკეთებია და ამჟამინდელი ქართული ფეხბურთის სახე სრულიად წარმოაჩინა.
სამწუხაროდ,k ჩვენს გუნდებს ვერც დიდად რეკლამირებული ფეხბურთის სახელმწიფო დახმარების პროგრამა შველის და ვერც ეროვნული პირველობის ჩატარების ფორმატის შეცვლა. თანდათან უკან მივდივართ და ნელ-ნელა ფარერებისა და მალტის დონეს ვუახლოვდებით.
მიმდინარე ევროთასებზე ქართულმა გუნდებმა უკვე შვიდი შეხვედრა ჩაატარეს. შედეგი სატირალია: ექვსი მარცხი და ერთი ფრე. გავიტანეთ კინკილა ორი გოლი, სამაგიეროდ საკუთარ კარში 21 მივიღეთ.
ცხელ გულზე მოვერიდები ქართულ ფეხბურთში დღეს არსებული პრობლემების ანალიზს. სამწუხაროდ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა სულს ღაფავს და სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ამ დროს საქართველოში „ტყავის ბურთი“ კვლავინდებურად უყვართ და სულ მცირე წარმატების შემთხვევაში ხალხი მისკენ პირს კვლავ იბრუნებს. ამის ნათელ მაგალითად რამდენიმე დღის წინ 19 წლამდელთა ევროპის პირველობის საქართველო – ჩეხეთის მატჩი გამოდგება, როდესაც მიხეილ მესხის სპორტული სარბიელი თითქმის ბოლომდე შეივსო.
რა გითხრათ მეტი. გუშინდელი აზერბაიჯანული მწარე მარცხის შემდეგ „ფეისბუქს“ ვესტუმრე და რამდენიმე „საინტერესო“ ციტატა ამოვიღე.
„ფეხბურთის მაგივრად წრეში ბურთი რო ვითამაშოთ… ან შვიდი ქვა, ან ორდროშობანა?“
„ქართულ ფეხბურთს მინიმუმ კიდევ ორი წელი არაფერი ეშველება, ამიტომ არგენტინას მივაწვეთ.“
„მეორე წელს ევროსარბიელზე გამომყავს როზაურა! დანარჩენი ქართული გუნდები უნდა გაწყვიტო მწვრთნელიან-დირექტორიანა.“
„1787 წელს ერეკლე მეფემ ყარაბაღი დალაშქრა (ცოტა იქნებ მოგვეშვას გულზე ამჟამინდელი 0:5-ის გამო)“.
„სამტრედია“ შერცხვა, სამაგიეროდ, შორეულ იაპონიაში მიმდინარე ნაგოიას ბაშოზე გვასახელა თემურ გორგაძემ. ტოჩინოშინმა დიდი ჩემპიონი კისენოსატო დაამარცხა და 2-1 ბალანსით იწონებს თავს. ჩვენებურის მორიგი მეტოქე კვლავ იოკოძუნა იქნება, მონღოლი ჰარუმაფუჯი. მასთან ბალანსი ქართველს უარყოფითი აქვს – 7 მოგება, 21 მარცხის წილ.
სამწუხაროდ, ცუდი სტარტი გამოუვიდა ძურიოდან ელიტაში დაბრუნებულ თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ). გაგამარუმ სადანოუმისთან წააგო იორიკირის ილეთით. ახლა მისი მეტოქე მე-14 მაეგაშირა კოტოიუკია.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქართული საკალათბურთო გუნდები ევროტურნირებს დაუბრუნდებიან. თავდაპირველად საუბარი თბილისის „დინამოზე“ და „სოხუმზე“ იყო, მაგრამ საბოლოოდ ევროთასებზე მხოლოდ თბილისის „დინამო“ იასპარეზებს.
„დინამო“ გამოსვლას საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყებს. პირველ საკვალიფიკაციო სტადიაზე მისი მეტოქე ესპანური „ხუვენტუდი“ იქნება. პირველ შეხვედრას თბილისი 19 სექტემბერს უმასპინძლებს, განმეორებითი ორი დღის შემდეგ კატალონიაში გაიმართება.
რასაკვირველია მეტოქე ძლიერია, ქართული გუნდი კი დიდი ხნის შესვენების შემდეგ თითქმის დებიუტანტის როლში გვევლინება. ორი მატჩის ჯამში მარცხის შემთხვევაში თბილისის „დინამო“ „ფიბა“-ს თასზე, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე გადავა. გარანტირებულად შეიძლება ითქვას რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქართული გუნდი ევროსარბიელზე მინიმუმ რვა შეხვედრას ჩაატარებს.