კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) ბახმაროს საკურორტო ზონაზე კლიმატის ცვლილების გავლენას შეისწავლა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილება მნიშნვნელოვან ზეგავლენას ახდენს ისეთ მთიან ლანდშაფტებზე, როგორიცაა, მაგალითად, ბახმაროს საკურორტო ზონა.
დღეს კვლევის _ „კლიმატის ცვლილების გავლენა ბახმაროს საკურორტო ზონაზე“ _ განხილვა გაიმართა.
აღნიშნული კვლევა CENN–ის მიერ ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გახორციელდა. პროექტის მიზანია ბახმაროს საკურორტო ზონის კლიმატის შესწავლა და არსებული კლიმატის პარამეტრების შეფასება, კლიმატის ცვლილების გავლენის განსაზღვრა და რეკომენდაციების მომზადება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისათვის.
ონლაინფორმატის შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხები: კურორტ ბახმაროს სასმელი წყლით მომარაგება, კლიმატის დახასიათება და ჰიდროლოგიური ანალიზი; კლიმატის ცვლილების გავლენის სტატისტიკური ანალიზი; თოვლის საფარის ცვლილების დინამიკა; ნალექიანობისა და ტემპერატურის ცვლილების დინამიკა; არსებული სასმელი წყლის რესურსების შეფასება; კლიმატის ცვლილების სცენარი და ადაპტაციის გეგმა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოიკვეთა ერთი პოტენციური ხეობა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას, ბახმაროს სასმელი წყლით მომარაგებისათვის.
ონლაინშეხვედრის ბოლოს გაკეთდა დასკვნები და გაიცა რეკომენდაციები.
„აუცილებელია, ხეობაში მონიტორინგის სისტემის ამუშავება და სრულფასოვანი ჰიდროლოგიური მოდელირების შესრულება;
სასმელი წყლით მომარაგებისთვის საჭიროა მდინარე ბახვისწყლის გვერდითი შენაკადი გამოცხადდეს სანიტარულ ზონად;
გრუნტის გაყინვისგან და სხვადასხვა პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია სასმელი წყლის მილები განთავსდეს გრუნტის ჩაყინვის ჰორიზონტის ქვევით;
კლიმატის ცვლილების გავლენა ძლიერ მოქმედებს ინტენსიური წვიმების რაოდენობაზე, ამიტომ აუცილებელია, მომზადდეს წყალდიდობის მოდელირება და განისაზღვროს რისკების ზონები, სადაც აიკრძალება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება;
სათხილამურო კურორტის განვითარებისათვის უნდა შეირჩეს ადგილები 2000 მეტრი და ზევით;
თოვლის ხარისხის და საბურველის სისქის შემცირების გამო, აუცილებელია, პროექტის გახორციელებისას გათვალისწინებულ იქნას ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა და უნდა შეფასდეს მისი წყლით მომარაგების გზები“,_ ნათქვამია კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის რეკომენდაციაში.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა გეგმავს ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტად განავითაროს. აღსანიშნავია, რომ ბახმაროს საკურორტო ზონაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასება, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიცაა ნალექების განაწილება და თოვლის საფარი, დღემდე არ ჩატარებულა.
მნიშნველოვანია კურორტის განვითარების გეგმის შემუშავებამდე წინასწარ იყოს გათვლილი ყველა შესაძლო, მათ შორის ნალექების რაოდენობასთან დაკავშირებული ზემოთ აღნიშნული რისკი. შესაბამისად, აუცილებელია, კურორტ ბახმაროზე კლიმატის ცვლილების გავლენის წინასწარ შეფასება და შესწავლა.