ბევრს ახსოვს, ალბათ, როცა ,,პერესტროიკის” დროს ჩვენში გამოჩნდა ვიდეოკასეტებზე ჩაწერილი ფილმები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სურათი იყო “შხეფები”, რომელიც მოგვითხრობდა სირინოზისა და უბრალო ნიუ იორკელი ყმაწვილის სიყვარულის შესახებ. ფილმში მთავარ როლებს თომ ჰენკსი და დერილ ჰანა ასრულებდნენ. პირველი გამოჩენიდანვე ტომ ჰენკსმა მსოფლიო აუდიტორიას თავი შეაყვარა, თუმცა საკუთარი ადგილი რომ მოეძებნა ამერიკულ კინემატოგრაფში, მას საკმაო ხანი დასჭირდა.
ტომ ჰენკსი იმ მსახიობთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც აუდიტორიას უყვარს, ყველა შეცდომას პატიობს, უფრო მეტიც იგი მას თავისიანად მიაჩნია, და თუ ვინმესთვის ჰენქსი მისაბაძ მაგალითად იქცა, არა იმიტომ რომ მისი გმირები სუპერმენული თვისებებით არიან დაჯილდოებულნი, არამედ მასში ზოგიერთი უფროს ძმას ხედავდა, ზოგი იდეალურ ქმარს, ახლა კი ზოგიერთი მსგავს მამას ისურვებდა.
რაც დრო გადის, ჰენკსი უფრო მეტად აკვირვებს მაყურებელსა და პროფესიონალ კრიტიკოსებს. მისი კარიერის დასაწყისიდანვე ყველა მიეჩვია, რომ ჰენკსი ეს კომედიური ჟანრის მსახიობია, თუმცა, ძალზე ნიჭიერი. ამიტომ ყოველი მისი ფილმის გამოსვლისთანავე მაყურებელი კინოთეატრში დროის გასატარებლად მიდიოდა, მაგრამ უეცრად ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ჯონათან დემის დრამა “ფილადელფია”, სადაც მან შეასრულა შიდსით დაავადებული, მომაკვდავი იურისტის როლი, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს და იგი თავის ღირსებას იცავს სასამართლოში. ვერავინ იჯერებდა, რომ მსუბუქი ჟანრის ფილმების მსახიობს შეეძლო ასეთი დრამატული როლის შესრულება. შემდეგ გაოგნების პირველმა ტალღამ გადაიარა და კინოკრიტიკოსებმა იგი ჯეიმს სტიუარტს და რობერტ დე ნიროს შეადარეს, ამ უკანასკნელს იმიტომ, რომ დე ნირო თავისი გმირისთვის ფილმიდან “მძვინვარე ხარი” უფრო მეტი დამაჯერობლობა რომ მიეცა, ძლიერ გასუქდა, ჰენქსმა კი პირიქით, წონაში დაიკლო, თუმცა საკუთარ ორგანიზმზე მან კიდევ რამდენიმეჯერ ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი ფილმებში: “მათი საკუთარი ლიგა”, სადაც იგი ბეისბოლისტ ქალთა მუდამ მთვრალ მწვრთნელს თამაშობს და “გარიყული”, ამ ფილმში იგი თანამედროვე რობინზონ კრუზოდ მოგვევლინა.
“ფილადელფიამ” აკადემიის წევრებზეც იმოქმედა და მას მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ოსკარი მიანიჭეს. თუმცა, სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ თვით ფილმი არ იყო იმ სიმაღლეზე, რა დონის თამაშიც შემოგვთავაზა ჰენკსმა. საინტერესოა, რომ მის მიერ განსახიერებულმა ჰომოსექსუალისტმა გმირმა ამერიკის ფილმის ინსტიტუტის მიერ შედგენილ ეკრანის საუკეთესო გმირებისა და არამზადების სიაში 49_ე ადგილი დაიკავა, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალზე სამადლობელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა თავის სკოლის ჰომოსექსუალისტ მასწავლებელს, და ეს კი, თავის მხრივ იქცა ფილმის სიუჟეტად, რომელიც გადაიღეს 1997 წელს კევინ კლაინის მონაწილეობით. მაგრამ ჰენქსის ტრიუმფი წინ იყო, მომდევნო წელს ეკრანებზე გამოვიდა ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი “ფორესთ გამფი”, რომელიც ნამდვილ სენსაციად იქცა კინოს სამყაროში. მისი გმირი ჭკუასუსტი პროვინციელი ბიჭია, რომელმაც გამოიარა უამრავი დაბრკოლება, მაგრამ ნებსით თუ უნებურად მიაღწია საწადელს, გახდა საქვეყნოდ ცნობილი და მდიდარი, რაც მთავარია მან მოიგო საყვარელი ქალის გული. ჰენკსი საკუთარი გმირის სამყაროს ისეთი დამაჯერებლობითა და სითბოთი გადმოგვცემს, რომ მის გარშემო მყოფი რეალური ადამიანები, რომლებიც ფილმში უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, პრეზიდენტი კენედი იქნება ეს თუ ჯონ ლენონი, უკანა პლანზე იწევენ და გონებაში მხოლოდ ფორესთ გამფის მოსულელო, მაგრამ ნათელი და კეთილი სახე გრჩებათ. ფილმმა ტომ ჰენკსს მეორე ოსკარი მოუტანა და ეს მეორე შემთხვევა იყო ოსკარების ისტორიაში – პირველად ზედიზედ ორი ოსკარი სპენსერ თრეისიმ აიღო 1937_38 წლებში.
ტომ ჰენკსი დაიბადა კალიფორნიაში, მისი ერთ-ერთი წინაპარი ამერიკის პრეზიდენტი აბრაჰამ ლინკოლნი გახლდათ. როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, პატარა ტომი სხვის ოჯახში იზრდებოდა. მიუხედავად არც თუ ბედნიერი ბავშვობისა, ის თავიდანვე ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ცხოვრებას უკეთესი მომავლის იმედით უცქერდა. ბავშვობიდნავე იუმორის უზადო ნიჭით დაჯილდოებული იგი კალიფორნიის უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ჰენკსი აცხადებდა, რომ ზოგი მსახიობობას პოპულარულობის მიზნით, ზოგი ფულის გულისთვის ირჩევს, მე კი ეს პროფესია ბავშვობიდანვე მიყვარდა და სხვა პროფესიაში ჩემი თავი არ წარმომედგინაო. მაგრამ უნივერსიტეტს მაშინათვე დაანება თავი, როგორც კი მიიღო მიწვევა პატარა თეატრიდან, რომელიც ქლივლენდში მოღვაწეობდა.
კინოში ჰენკსის მოღვაწეობა 1980 წლიდან იწყება. მან რამოდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა, თამაშობდა ჩვეული ენერგიულობით, მაგრამ არც ფილმი და არც მისი იქ გამოჩენა სერიოზული განსჯის საგანი არ გამხდარა. მოგვიანებით ჰენკსი ამბობდა: მე ოცზე მეტ ფილმში ვითამაშე და აქედან მხოლოდ ხუთია კარგი. მოულოდნელად რეჟისორმა რონ ჰოუვარდმა, რომელიც ჩვენში კარგად არის ცნობილი ფილმებით “გამოსასყიდი” და ,,და ვინჩის კოდი”, სთხოვა ჰენქს რათა მის მომავალ ფილმში მეორეხარისხოვანი როლი ეთამაშა. მაგრამ სინჯების შემდეგ მაშინათვე მთავარ როლზე დაამტკიცა და 1984 წელს ეკრანებზე გამოვიდა სურათი “შხეფები”, სადაც ჰენქსი პარტნიორობას უწევდა იმ დროის ჰოლივუდის ერთ_ერთ ლამაზმანს დერილ ჰანას. ფილმი მოგვითხრობს სირინოზისა და უბრალო ნიუ_იორკელი ყმაწვილის სასიყვარული_რომანტიულ ისტორიას.
მიუხედავად დიდ წარმატებისა კიდევ ოთხმა წელმა განვლო სანამ ტომ ჰენკსმა შესაფერისი როლი მიიღო, ეს იყო პენი მარშალის კომედია ”დიდი”, სადაც მან ითამაშა 30 წლის კაცის სხეულში გამოკეტილი 13 წლის ბიჭის როლი. ეს გარდასახვა იმდენად დამაჯერებელი და სასაცილო იყო, რომ ჰენკსი ამერიკელთა რჩეულ და საყვარელ მსახიობთა სიაში მოხვდა.
მიუხედავად ასეთი წარმატებისა მისი მომდევნო ფილმები განსაკუთრებით არაფრით გამოირჩეოდა და ნამდვილი წარმატება ჰენკსს 90-იანმა წლებმა მოუტანა. 1993 წელს წელს ეკრანებზე გამოდის ნორა ეფრონის “უძინარნი სიეტლში”, სადაც მსახიობი თამაშობდა ქვრივს, რომელიც შვილის მეცადინეობით ახალ სიყვარულს პოულობს მეგ რაიანის სახით. მეორედ რაიანს იგი შეხვდა იგივე რეჟისორის მიერ დადგმულ სურათში “თქვენ ფოსტა გელოდებათ”, რომელიც წარმოადგენდა 1940 წლის ფილმის რიმეიქს, სადაც მთავარ როლს ჯეიმს სტიუარტი ასრულებდა.
აქედან მოყოლებული მსახიობის ყოველი ფილმი ჰიტი თუ არა საყურდღებო ნამუშევარია. 1996 წელს მან, როგორც რეჟისორმა, დადგა ფილმი “ის რასაც შენ აკეთებ”, რომელიც ეძღვნება 60_იანი წლების როკ_ჯგუფს. სურათი გაქირავებაში ჩავარდა, მაგრამ კრიტიკოსებისაგან თბილი რეცენზიები მიიღო.
მეორე მსოფლიო ომის თემაზე უამრავი ღირშესანიშნავი ფილმი შექმნილა, ბევრი სამუდამოდ დარჩა კინოს ისტორიაში, ერთ ასეთ ფილმად მიჩნეულია სტივენ სპილბერგის “რიგითი რაიანის გადასარჩენად”, რომელიც ჩვენი აუდიტორიის საყვარელ ფილმადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ამ ფილმმა სპილბერგს დიდი ხნის ნანატრი ოსკარი მოუტანა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ამ ხელოვანს უფრო ძლიერი ნამუშევრებიც აქვს შექმნილი, გავიხსენოთ “ყბები”, “უცხოპლანეტელი” ან თუნდაც ინდიანა ჯონსის ბრწყინვალე სერიალი, მაგრამ ხშირად პოლიტიკა და კონიუქტურა კინოინდუსტრიაშიც კარნახობს თავის პირობებს და აკადემიამ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად კორექტულ და საჭირო ფილმზე შეაჩერა თავისი ყურადღება. ფილმში ჰენკსს ისევ მოუხდა დრამატული როლის შესრულება და მისი კაპიტანი მილერი ერთი_ერთი ყველაზე ცოცხალი და დამაჯერებელი პერსონაჟია ბოლო წლების ამერიკულ კინოში, ისევე როგორც მისი დაქირავებული მკვლელი ფილმიდან “განწმენდის გზა”, სადაც მისი მეტოქე ლეგენდარული პოლ ნიუმენია. ნიუმენი გადაღებების შემდეგ იხსენებდა:’მე მას არ ვიცნობდი. ჩემი მეუღლე ჯოან ვუდუორდი თამაშობდა დედამისს ფილმში “ფილადელფია”. მან მითხრა რომ იგი გადადებულია თავისი სამუშაოსთვის.. ერთ სცენაში მას უნდა ეთქვა მხოლოდ ერთი წინადადება, დანარჩენი კი ყველაფერი ჩემს მხრებზე გადადიოდა და მე გადასაღებ მოედანზე 19 საათს ვიმყოფებოდი და ამ 19 საათის განმავლობაში ჰენკსს იქიდან ფეხი არ მოუცვლია”.
2002 წლის 12 ივნისს ამერიკის ფილმის ინსტიტუტმა სტივენ სპილბერგის ხელით ტომ ჰენკსს გადასცა სპეციალური ჯილდო ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისათვის. რამდენიმე წლის წინ კი ჟურნალმა ,,ინთერთეინმენთ” ის დაასახელა ერთადერთ მსახიობად, რომელიც ღირსია 20 მილიონიანი ჰონორარისა (მომდევნო წლებსი მისმა ჰონორარმა 50 მილიონს მიაღწია). ტომ ჰენკსი ახლა 61 წლისაა და ის რაც მსახიობმა ამ წლების განმავლობაში შექმნა, ალბათ ორი_სამი კაცის სიცოცხლე ეყოფოდა.