საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომას დაესწრო. გაფართოებული კომისია გორში 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდგომ, შიდა ქართლის რეგიონში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პრობლემა პრაქტიკულად გადაიჭრება.
„გორში ავაშენეთ 8 ათსართულიანი კორპუსი, 480 ოჯახისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბინების რაოდენობა საკმარისია უკიდურესი საჭიროების მქონე დევნილი ოჯახებისა და ნგრევად შენობებში მცხოვრებთა განსახლებისთვის. 10-ზე მეტი ნგრევადი ობიექტი იხურება და იქ მცხოვრები 200-მდე ოჯახი ბინას ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, ხოლო დანარჩენი ბინები კრიტერიუმების მიხედვით ნაწილდება“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:
1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა;
2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;
3. კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.
განსახლების პროცესის პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმის შევსებაა, რის საფუძველზეც დევნილ ოჯახებს წინასწარი ქულები ენიჭებათ.
გორში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი სულ 1221-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.
აღნიშნული ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.
გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ერთად, შედიან სახალხო დამცველის აპარატის, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHRC), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), ასოციაცია „თანხმობის“, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ის ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის.
მუშაობის პროცესში კომისიის წევრები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული დევნილი ოჯახის მონაცემებსა და მონიტორინგის შედეგებს. გადაწყვეტილება კი ხმათა უმრავლესობით მიიღება.
კომისიის მუშაობის შედეგად, გამოვლინდება ის 480 დევნილი ოჯახი, რომლებსაც გორში 8 ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცემა. 480 ბინიდან 160-ერთოთახიანია, 240 -ოროთახიანი, 80 კი სამოთახიანი.