ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლისთვის სოფელ გვიმბალაურში მდებარე, ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიაზე #1 შენობა-ნაგებობის 1 322,1 კვ. მ. ფართიდან 827,2 კვ. მ. ფართისა და 5 შენობის (მათ შორის სტადიონის) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, გამგებლისთვის თანხმობის მიცემას ხმაური მოჰყვა საკრებულოს წევრებს შორის.
ერთ-ერთ შენობაში, რომლის გადაცემაც საფეხბურთო აკადემიისთვის იგეგმება, სპორტული ცენტრის კუთვნილი საჭიდაო დარბაზია განთავსებული და პრობლემასაც ეს წარმოადგენს.
დეპუტატი თემურ მარშანიშვილი, რომელიც ამავე დროს ჭიდაობის მასწავლებელიცაა, დაინტერესდა, თუ რა ბედი ეწევა იქ არსებულ საჭიდაო დარბაზს:
“ისე არ გამოგვივიდეს, ერთი საქმე გავაკეთოთ და ამის ხარჯზე მეორე გავაფუჭოთ. მივესალმები ფეხბურთის აკადემია თუ იქნება იქ, მაგრამ მოჭიდავეები არ უნდა დარჩნენ გარეთ. საკმაო მიღწევები გვაქვს ჭიდაობაში და ამ ბავშვებს მუდმივი ვარჯიში სჭირდებათ,” _ ამბობს მარშანიშვილი.
გამგებელმა მარშანიშვილსა და ჭიდაობის სხვა გულშემატკივრებს პირობა მისცა, რომ აღნიშნულ შენობაში მოჭიდავეები მანამ დარჩებიან, სანამ ქალაქს ახალი სპორტული დარბაზი არ ექნება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ შენიშვნები საკრებულოს წევრებს ამ მხრივაც აქვთ.
“ეს რომელი სპორტული დარბაზია, რომლის პროექტი ოთხჯერ რომ მოვიწონეთ და აქამდე თვალით არ გვინახავს?” _ იკითხა დეპუტატმა ნონა მურვანიძემ.
ზაზა ურუშაძის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ დარბაზის პროექტში ოთხჯერ შევიდა ცვლილება და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექვსი თვე დასჭირდა პროექტის საბოლოო მომზადებისთვის. მისივე თქმით, საფეხბურთო აკადემიის აშენება ძალიან კარგი ფაქტია, რასაც დროშების ფრიალით არ უნდა შეეწინააღმდეგონ:
“სანამ ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი გახდებოდა, მისგან წამოვიდა დაპირება, რომ თუ ბავშვთა საფეხბურთო აკადემია სადმე გაკეთდებოდა, ეს იქნებოდა აუცილებლად ლანჩხუთში. მილიონნახევრიანი პროექტია და რა ვქნათ ახლა, არ გადავცეთ ჩვენ ხელთ არსებული ინფრასტრუქტურა?! თუ წინააღმდეგნი წავალთ და დროშებს ავაფრიალებთ, არიქა, არ გვაწყობსო, წაიღებენ ამ პროექტს. ეს აკადემია დასავლეთ საქართველოში ერთი იქნება და ისიც ლანჩხუთში. არ გვინდა? წაიღებენ ბათუმში. განა ვინმე უარს იტყვის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის დაარსებაზე?!
რაც შეეხება მოჭიდავეებს, ისინი ჩვეულებრივ გააგრძელებენ ვარჯიშებს. ამჟამად იქ არის იატაკის პრობლემა. ჩინური კომპანიისგან ველოდებით მასალის გადმოცემას და ალბათ, მაისის ბოლომდე ეს პრობლემა მოიხსნება,” _ აღნიშნა ზაზა ურუშაძემ.
გამგებლის პირობა, რომ ახალი სპორტული დარბაზის აშენებამდე მოჭიდავეები ღია ცის ქვეშ არ დარჩებიან, საეჭვოდ მიაჩნია საკრებულოს რამდენიმე წევრს. მათი თქმით, საფეხბურთო აკადემია უეფას სტანდარტებით იმოქმედებს და იქ სხვა სექციის მუშაობას არ დაუშვებს.
ფეხბურთის აკადემიის თემასთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიცია გააჟღერა დეპუტატმა აკაკი იმნაიშვილმა, რომელიც თვლის, რომ აკადემიის დაფუძნებისთვის საუკეთესო ვარიანტი გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზაა:
“მაინც არ გამოუჩნდა ამ ბაზას პატრონი და სანამ განადგურდება, ჯობს, ფედერაცია დავარწმუნოთ, ბავშვთა აკადემიისთვის ყველაზე კარგი ადგილი გრიგოლეთის ზღვისპირა ზოლია,” _ თქვა იმნაიშვილმა. მას ასევე მიაჩნია, რომ ეს ადგილი სტრატეგიულად მომგებიანია, რადგან ტერიტორიულად ახლოა როგორც აჭარასთან, ასევე, სამეგრელოსთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვებისთვის ზღვის ჰავა დამატებითი დადებითი მომენტია.
როგორც იმნაიშვილი ამბობს, მას პირადად ჰქონდა საუბარი აღნიშნულ თემაზე ლევან კობიაშვილთან და სამომავლოდაც აპირებს ამ საკითხის მხარდაჭერას.