დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსული ინფექცია არ გვაქვს. ამის შესახებ გამყრელიძემ გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
ამირან გამყრელიძე კორონავირუსის გამოსავლენი ტესტსისტემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბოლო ორ-სამ შემთხვევაში სპეციალისტები კორონავირუსის დაავადებაზე გამორიცხვის მეთოდით მიდიოდნენ
„ჩვენ გვაქვს ტესტ-სისტემები და ე.წ. მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებები ლუგარში დაახლეობით 22 რესპირატორულ ვირუსზე, მათ შორის ხუთ კორონავირუსზე. ანუ ადამიანებს, სადაც არის ე.წ. შესაძლო ან საეჭვო შემთხვევა, ჩვენ ამაზე ვტესტავთ. მაგრამ ის სუბტიპი, რომელიც დღეს ჩინეთში ტრიალებს, ხელმისაწვდომი ბევრი ქვეყნისთვის, მთავარი ლაბორატორებისთვის, დაახლოებით 20 იანვრიდან გახდა. ევროპაში წამყვანი რეფერალური ცენტრები არის ბერლინში და ნიდერლანდებში. ამიტომ ამ ეტაპზე ბევრ ქვეყანას აქვს რეკომენდაცია, რომ იქ გააგზავნონ [ნიმუშები ვირუსზე]. ამიტომ ჩვენც იქ გავაგზავნეთ პარასკევს, მაგრამ სამშაბათიდან [4 თებერვალი] საქართველოშიც, ანუ ლუგარის ლაბორატორიაშიც გვექნება ამის საშუალება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 304 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა, სრულად კი მხოლოდ 328 ადამიანი განიკურნა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე 23 ქვეყანაში გავრცელდა.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.