როგორც „გურია ნიუსს“ სანდო წყარომ განუცხადა, გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მკვიდრი, 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, რომელიც ქობულეთის საავადმყოფოში მკურნალობდა.
_ სარვამარტო საღამოს სუფრის მსხვერპლია. ეს უკვე მეორე ქალბატონია, რომელიც რვა მარტის აღსანიშნავ სუფრასთან დაავადდა და ემსხვერპლა. არა და არ ესმით ადამიანებს, რომ „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“. სამწუხარო ამბავია, _ გვეუბნება წყარო.
ინფორმაციას გურია ნიუსთან ადასტურებს სოფელ შრომის დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში.
” გუშინ გარდაიცვალა ეს ქალბატონი კოვიდით. უფრო ადრე 50 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ორივე იმ სუფრაზე იმყოფებოდნენ, რომელიც სარვამარტო საღამოს აღსანიშნავად მოაწყვეს. მეტს ვერაფერს გეტყვით, ცუდი ფაქტია, – გვითხრა დავით ჭაკნელიძემ.
ფაქტი გურია ნიუსთან დაადასტურა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსმა მაია ქუტიძემაც.
_დიახ, გარდაიცვალა შრომის მკვიდრი ქალბატონი, რომელსაც 18 მარტს დაუდასტურდა კოვიდი. ვიცი, რომ ქობულეთის სააავადმყოფოში იყო. დღეს მივდივარ შრომაში და დაზუსტებით როცა გავარკვევ , შემდეგ გეტყვით. თუ ჩემი თვალით არ ვნახე ყველაფერი, ცრუ ინფორმაციას ხომ არ გეტყვით?- გვითხრა მაია ქუტიძემ.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, აწუხებდა თუ არა ქალბატონს რაიმე სხვა დაავადება, მან გვიპასუხა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა.
რამდენად საშიშ ვითარებასთან გვაქვს საქმე, წარმოიშობა თუ არა შრომის კლასტერი, ჩვენს მკითხველებს ინფორმაციის მიღებისთანავე შევთავაზებთ.