სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით, – ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან მისი მართვა ხდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დამყოლობისკენ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაეებს დამყოლობაზე, რადგან ვიცით, კიდევ არის რეგიონები, სადაც მოქალაქეებთან თანამშრომლობა ძალიან რთულდება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად აისახე ვირუსის გამოვლენაზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, მაღალი დამყოლობის შედეგადა სწორედ საქართველოში დადებითი დინამიკა და მნიშვნელოვანია ამ კუთხით აქტივობების გაგრძელება.
„ჩვენ დღესაც ვგეგმავთ შერჩევით ტესტირებას და სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით“, – განაცახდა მინისტრმა.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 206 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 987-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.