თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარებაში მ.ი. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულ მ.ი-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება გამოიკვლია: დაიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი, რომელმაც უშუალოდ ამოიცნო ბრალდებული. გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე მკვლელობის იარაღი, რომელიც ბრალდებულმა შემთხვევის ადგილთან ახლოს გადამალა და რომელზეც მისი დნმ აღმოჩნდა, ბრალდებულის ტანსაცმელსა და ხელზე კი აღმოჩნდა სროლის შედეგად წარმოქმნილი ქიმიური ნივთიერებების კვალი.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს, კ.ძ. მთაწმინდის 7ა კორპუსის წინ მეგობართან ერთად იჯდა და ლუდს სვამდა, რა დროსაც მას განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი მ.ი. მიუახლოვდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგის არეში დამიზნებით ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებით კ.ძ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მ.ი. 2017 წლის 17 აგვისტოს თბილისში დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ მ.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის მაქსიმალური ზომა – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.