„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ახორციელებს კვლევებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენთან 2017 წელს 2016 წელთან შედარებით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონალური მკურნალობა, დაახლოებით, 38 %-ით მეტმა ბენეფიციარმა გაიარა, ხოლო, რაც შეეხება მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობას, შარშანდელთან შედარებით 40%-მდეა გაზრდილი. ზუსტი კვლევა, თუ რა ტიპის ნარკოტიკების მოხმარების გამო მოხვდნენ ბენეფიციარები სტაციონარში ამჟამად დამუშავების ეტაპზეა“, _ განაცხადა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ.
კილაძის თქმით, დღეს არსებული ტენდენციების მიხედვით, ბაზარზე უფრო აქტუალურია ოპიოიდები.
_ ხშირად მისი მოხმარების გამო მოგვმართავენ მოქალაქეები. ეს შეეხება ნახევრად სინთეტიკურ ოპიოიდებს, ანუ ვთქვათ, სუბოტექსს და მისი ჯგუფის ოპიოიდებს, ასევე, ჰეროინს. ძალიან აქტუალურია სუბოტექსის, ბიოსინთეტიკური ნარკოტიკების მოხმარება, მაგრამ ეს პროცესები ნარკოლოგიაში ცირკულარულია. ხანდახან ოპიოიდები წინა პლანზე არ არის, მაგრამ გარკვეული მონაკვეთის შემდეგ ბრუნდება და ისევ აქტიური ნივთიერებები ხდება ხოლმე. ამ მხრივ, მინდა გითხრათ, რომ მდგომარეობა მართლაც სერიოზულ რეაგირებას საჭიროებს, რადგან ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით მომხმარებლის რაოდენობა სამედიცინო სისტემაში და მათ შორის, დამოკიდებული ადამიანების საგრძნობლად გაზრდილია.
_ სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებით როგორი მონაცემები გვაქვს?
_ კვლევების მიხედვით, დაახლოებით, 50 000-მდე ინტრავენური ნარკომანია დღეს საქართველოში. აქედან, დაახლოებით, 20-25 ათასი არის ოპიოიდების მოხმარებაზე დამოკიდებული.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია რჩება პრობლემად, მაგარამ მინდა გითხრათ, რომ მისი აქტუალურობა მიწოდების შეზღუდვის გამო შემცირებულია, თუმცა, ის ფაქტი, რომ დღეს ამ ნივთიერებების მოხმარება აფთიაქის გავლით ხდება არადანიშნულებისამებრ უსიამოვნო ფაქტი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
რაც შეეხება ინექციურ ნარკომანიას, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, ინექციური ნარკომომხმარებლების რაოდენობა არის 50 000-მდე, _ გვითხრა კილაძემ.