დღეს, ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ სარკინიგზო გადასასვლელის პიკეტირება მოაწყო და ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ჩინური კომპანიის კუთვნილ მძიმეწონიან ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცა.
„უკვე მერამდენედ გვიწევს ამ ხერხით გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, მაგრამ შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ. დაახლოებით, ორი კვირის წინ იყო მოსული აქ გამგებელი და გვითხრა, რომ შეხვდა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს და მოიძებნა ალტერნატიული გზა, რომ ქალაქის გავლით აღარ ემოძრავათ ამ მძიმეწონიან მანქანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანის მფლობელები 500 ლარით დაჯარიმდებიანო. დადგეს კიდეც რკინიგზის გადასასვლელის იქეთ სპეციალური ამკრძალავი ნიშანი, რომ მანქანებს, რომლის ტვირთის ტევადობაც 10 ტონას აღემატება, ამ გზაზე არ უნდა გაევლოთ. მაგრამ რად გინდათ, დღე და ღამე მოსვენება არ გვაქვს, გაუჩერებლად დადიან ეს მანქანები. ორია წელია, რაც ასფალტი დაიგო ამ ქუჩაზე და უკვე ორმოებია ყველგან გაჩენილი, ასე თუ გაგრძელდა, საკანალიზაციო მილებიც დასკდება“, _ ამბობდა აქციაზე შეკრებილი მოსახლეობა, რომელთა თქმითაც, ამ მანქანების გავლა აქ არათუ ტვირთით, ცარიელიც არ შეიძლება, რადგან თითო მანქანა, დაახლოებით, 16 ტონას იწონის.
აქციის მონაწილეებთან პოლიციის წარმომადგენლები მოვიდნენ, რომელთაც მალე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოჰყვნენ.
სამართალდამცველებმა მძიმეწონიანი მანქანების მძღოლებს, რომელთაც მოსახლეობა გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდა, უკან დაბრუნების მითითება მისცა.
„ამ მანქანებს არ აქვთ უფლება ამ გზით ისარგებლონ, არსებობს ალტერნატიული გზა და კეთილი ინებეთ, იმ გზით ისარგებლეთ“, _ იყო სამართალდამცველთა მოთხოვნა მძღოლების მიმართ. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც გზის ამ მონაკვეთზე ამკრძალავი ნიშანი დაიდგა, რამდენჯერმე დააჯარიმეს მძღოლები.
მძღოლების მიმართ საყვედური გამოთქვა ზაზა ურუშაძემაც: „ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან გვქონდა შეთანხმება, რომ ამ გზით მძიმეწონიანი მანქანები ვერ ისარგებლებდნენ, არის ალტერნატიული გზა ვაზისუბნიდან, კეთილი ინებეთ და იქედან იარეთ“, _ თქვა ზაზა ურუშაძემ.
გამგებელმა ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში საკუთარ წარმომადგენელს ლადო ნანაძეს მითითება მისცა, რომ რკინიგზის გადასასვლელზე რამდენიმე დღით მორიგეობა დაეწესებინა და მანქანებზე კონტროლი გაეძლიერებინა.
„ამ ჩინური კომპანიის გამო საყანე ფართობებშიც გვექმნება პრობლემები. ძალიან ცუდ მდგომარეობა გვაქვს _ ღობეები გახსნეს. ძროხა, ღორი თუ ცხენი ყველაფერი ფართობებშია შესული. ერთი სიმინდი მოდის ამ ლანჩხუთში და იმის დათესვასაც ვერ ვახერხებთ ხალხი ამათ გადამკიდე. 60 მეტრის ღობე აღებულია და როგორ უნდა დაიცვა საყანე ფართობები საქონლისგან?! ხალხი მშიერი დარჩება ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა. გვითხრეს, გამონახეთ ვინმე მეველედ და თვეში სამას ლარს გადავუხდითო. ვინ დადგება 24 საათის განმავლობაში დარსა თუ ავდარში ღია ცის ქვეშ?! არ გვინდა, ბატონო, მაგათი 300 ლარი, თვითონ დადგენ და დაიცვან ჩვენი ქონება, ან ამკრძალავი ნიშანი დადგან, ეგება საქონელმა მაგათზე უკეთ დაინახონ და დაიცვან კანონი“, _ ამბობდა აქციის მონაწილე ერთ-ერთი გლეხი.
ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, ლევან ჩხაიძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მათთან ერთად შეხვდებოდა ჩინური კომპანიის წარმომადგენელს და გამონახავდა გზებს ამ საკითხის გადასაჭრელად.