საკასაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის ოთხი ნოემბრის განჩინება, რომლითაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოქმედ ხელმძღვანელობას დაეკისრა აღასრულოს საკრებულოს ექს-თავმჯდომარის, ამირან გიგინეიშვილის ბრძანება.
საქმე გიგინეიშვილის მიერ 2014 წლის 20 მაისით დათარიღებულ ბრძანებულებას ეხება, რაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელი თანამშრომლებისთვის ერთი თვის ხელფასის ოდენობის დანამატის გაცემას ითვალისწინებდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის არ გააჩნია, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
„ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩაივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და დაადგინა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის ოთხი ნოემბრის განჩინება“, _ ნათქვამია საკასაციო სასამართლოს განჩინებაში, რომელსაც ხელს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე აწერს.
სასამართლო დავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და წინა მოწვევის საკრებულოს შორის 20124 წლიდან მიმდინარეობს. თავდაპირველად, საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის აღნიშნული ბრძანება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ორჯერ გაასაჩივრა, თუმცა, ორივე ინსტანციის სასამართლომ ის ძალაში დატოვა, მაგრამ ბრძანების აღსრულება მაინც არ მომხდარა. წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა მაშინ, ადვოკატის მეშვეობით, წერილობით მიმართეს კიდეც გამგეობას და ითხოვეს ოფიციალური პასუხი, აპირებდა თუ არა იგი წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებულების აღსრულებას. თუმცა, ადვოკატის წერილზე გამგეობის მხრიდან პასუხი არ გაცემულა. სწორედ ამის შემდეგ ექს-დეპუტატებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს, სადაც ამირან გიგინეიშვილის ბრძანების აღსრულებას ითხოვდნენ.
როცა პირველმა სასამართლო ინსტანციამ აღნიშნული საქმე განიხილა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო, მოულოდნელად საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ, გოგი ხელაძემ დავის საგანი, ანუ წინამორბედის ბრძანებულება არარად ცნო. როგორც ამბობდნენ, მას აღნიშნული ბრძანების გაუქმება არ სურდა, მაგრამ რამდენიმე დეპუტატის და გამგებლის ზეწოლის შემდეგ ის იძულებული შეიქნა ეს გადაწყვეტილება მიეღო. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ოფიციალურად არც გამგეობაში და არც საკრებულოში არ ადასტურებენ.
თუმცა, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ხელაძის ბრძანება საქმის გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა და მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი, რომელიც ლანჩხუთის გამგეობამ თავის მხრივ სააპელაციოში გაასაჩივრა.
მიუხედავად ამისა, წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს მაინც მოუწიათ კიდევ ერთი საჩივრის შეტანა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, სადაც ისინი ხელაძის ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ. ამ საქმესთან დაკავშირებითაც სარჩელი სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ექს-დეპუტატების სასარგებლოდ გამოიტანა. გოგი ხელაძეს კი საპასუხოდ სასამართლოს ზედა ინსტანციისთვის აღარ მიუმართავს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამგეობის მიერ შეტანილი აპელაცია ამის შემდეგ განიხილა და ძალაში დატოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მოსარჩელე მხარე ამირან გიგინეიშვილის მიერ ორი წლის წინათ გამოტანილი ბრძანების აღსრულებას ითხოვდა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება კი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.