ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში მცხოვრებმა მთვარისა კუჭუხიძემ დახმარების თხოვნით “გურია ნიუსს” რამდენიმე დღის წინ მომართა. კუჭუხიძე ონკოავადმყოფია. იგი მუნიციპალიტეტისგან დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, ლანჩხუთის მერია მას მხოლოდ ერთხელ დაეხმარა. როცა “გურია ნიუსმა” მუნიციპალიტეტის მერიას მთვარისა კუჭუხიძის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა, მერია მაშინ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. დღეს კი, მას შემდეგ, რაც სტატია გამოქვეყნდა, მერიის პრესსამსახურმა ამ შინაარსის პასუხი გამოგვიგზავნა.
„გურია ნიუსის“ ვებგვერდზე მიმდინარე წლის 13 მაისს გამოქვეყნდა სოფო წილოსანის სტატია სათაურით: „თავად რომ მაღალი ხელფასები აქვთ და დანაყრებულები არიან, სხვებიც ასე ჰგონიათ”, რომელშიც ჭანჭათელი მთვარისა კუჭუხიძე ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და გულგრილობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა, მას მერია არ დაეხმარა.
გაცნობებთ, რომ მოქალაქე მთვარისა კუჭუხიძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის ორჯერ მიმართა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სამკურნალო-საოპერაციო პროგრამით მას ორივეჯერ გაეწია ფულადი დახმარება, პირველად 2018 წლის სექტემბერში 420 ლარის ოდენობით, ხოლო მეორედ მიმდინარე წლის აპრილში _ 240 ლარის ოდენობით.
ამას გარდა, მთვარისა კუჭუხიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შევიდა განცხადებით სოციალური დახმარების აღსადგენად, რაც მერიის კომპეტენციაში არ შედის. თუმცა, მერიამ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და შუამდგომლობით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილებას, სადაც აღნიშნულია, რომ მთვარისა კუჭუხიძე ნამდვილად საჭიროებს სოციალური დახმარების მიღებას, თუმცა, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის თანახმად, ოჯახი ერთი წლის შემდეგ, ანუ 2020 წლის აპრილიდან ხელახლა გადამოწმდება”, _ ნათქვამია მერიის მიერ მოწოდებულ ახალ პასუხში.